1
    

“ამაყი ოჯახების“ პირველი ეტაპი დასრულდა

02.10.2020


“მადლობა ამ შეხვედრისთვის, თქვენ არ იცით, ჩემთვის რა ბედნიერებაა წლების ნაგროვები დარდისა და ტკივილის ერთიანად ამოღება გულიდან, ახლა აქედან ძალიან დიდი სიყვარულით და მხარდაჭერით მივდივარ. იმის გააზრება, რომ მარტო არ ვარ, ძალიან დამეხმარება მომავალში” - ამ ფრაზით დახურა “ამაყი ოჯახების” პირველი გასვლითი სესია ერთ-ერთმა მონაწილემ, ლესბოსელი ქალის დედამ.

საქართველოში ლგბტქ თემზე ძალადობა, საზოგადოების მხრიდან უარყოფა, სიძულვილი, ჩაგვრა და არსებული სტიგმა - ის საკითხებია, რომლებსაც ძალიან ხშირად განვიხილავთ, ვეძებთ გამოსავალს, ვიბრძვით ჩვენი იდენტობისა და არსებობისთვის. მაგრამ ხშირად ყურადღების გარეშე რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ბრძოლაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ და რომლებზეც აგრესია და შიში ისეთივე მძიმე კვალს ტოვებს, როგორსაც ჩვენზე - ეს ადამიანები ჩვენი ოჯახის წევრები არიან.

საქართველოში პირველად, “თბილისი პრაიდის” ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი „ამაყი ოჯახები“, რომლის მიზანი ლგბტქ ადამიანების ოჯახის წევრების მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

პროექტის მოსამზადებელი პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი იყო. მშობლების ნდობის მოპოვება მარტივი არ ყოფილა. ეს გასაკვირი არ არის, როგორც წესი, ლგბტქ ადამიანების მშობლები არ სარგებლობენ საზოგადოების მხარდაჭერით და ჰომოფობიასთან პირისპირ მარტო დარჩენილებს, საკუთარი შვილების “გამართლება” განსაკუთრებით უჭირთ. მიუხედავად ამისა, ორგანიზატორთა შრომამ შედეგი გამოიღო - მშობლებისა და ოჯახის წევრების პირველის შეხვედრაც განხორციელდა.

31 ივლისს - 2 აგვისტოს “ამაყი ოჯახების” სამდღიანი გასვლითი ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც ლგბტქ ადამიანების 30-მდე ოჯახის წევრმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეები სასიამოვნო, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ღიად საუბროდნენ თავიანთ ტკივილებზე, ემოციებზე, ამაყობდნენ საკუთარი შვილების წარმატებებით, ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას. მშობლებმა და ოჯახის წევრებმა, სახალისო თამაშების თანხლებით, მიიღეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის გენდერი, სექსუალობა, სექსუალური ორიენტაცია და სხვა. გარდა ამისა, ტრენინგზე დამუშავდა ისეთი საკითხები, როგორიცაა დისკრიმინაცია, ჰომოფობია და მასთან ბრძოლის გზები. აღსანიშნავია, რომ პროგრამა შეიცავდა როგორც ჯგუფურ სამუშაოს ასევე ინდივიდუალურ სესიებსაც. მშობლები მუშაობდნენ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფოს როლი ლგბტქ თემის გაძლიერებაში, ჯანდაცვის კუთხით არსებული პრობლემები, საზოგადოებაში ტოლერანტობის დონის ამაღლება და ა.შ.

ტრენინგის სამმა დღემ ყველანი ემოციებით აგვავსო და იმედი მოგვცა, რომ ჩვენი ოჯახების წევრები ჩვენი მთავარი თანამებრძოლები გახდებიან, გაძლიერდებიან და გააძლიერებენ სხვა ოჯახების წევრებსაც, რომლებიც იმ გზას გადიან, რაც მათ უკვე გაიარეს. გაძლიერებულებს კი აღარ მოერიდებათ, ღიად განაცხადონ: “დიახ, მე ვამაყობ ჩემი შვილით!”

პროექტის მეორე ეტაპისთვის ლგბტქ ადამიანების ოჯახის წევრებმა „თბილისი პრაიდის“ მხარდაჭერით უკვე ჩამოაყალიბეს სამოქმედო გეგმა და გამოთქვეს მზაობა, აქტიურად ჩაერთონ სამომავლო ღონისძიებებში. ამ დროისთვის, უკვე დაგეგმილია რამდენიმე დახურული შეხვედრა, კინოჩვენება და სხვა აქტივობები.

პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, მაგრამ ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი  აუცილებლად გაგრძელდება!