1
    

ცოტა რამ ინტერსექსი ადამიანების შესახებ...

26.10.2020


ინტერსექსი არის ადამიანი, რომელსაც ორივე სქესისთვის სახასიათო სასქესო ნიშნები ახასიათებს. თანამედროვე საზოგადოებებში, იურიდიულად და კულტურულად, ადამიანებს, როგორც წესი, ორ სქესად - მდედრობითად და მამრობითად - ყოფენ. ამ შემთხვევაში აღიარების მიღმა რჩებიან ინტერსექსი ადამიანები, რომელთა სქესობრივი ნიშნების კომბინაცია „მდედრობითს“ და „მამრობითს“ არ ემთხვევა. ინტერსექსულობა შეიძლება გამოხატული იყოს ჰორმონალურ, ქრომოსომულ ან გენიტალურ დონეზე. ახალშობილის სქესს, როგორც წესი, გენიტალიის საფუძველზე განსაზღვრავენ.  „ორაზროვანი“ გენიტალიის შემთხვევაში, მშობლები ან/და ექიმები, ახალშობილებს მაინც ორიდან ერთ სქესს განუსაზღვრავენ და ქირურგიული ჩარევით ცდილობენ, სხეული ამ ნორმასთან შესაბამისობაში მოიყვანონ. ამგვარი ჩარევა, უკვე ზრდასრული ინტერსექსი ადამიანების მიერ, სულ უფრო და უფრო ხშირად ხასიათდება, როგორც არაეთიკური და არასასურველი.

შესაბამისად, ინტერსექსი ადამიანები დისკრიმინაციას დაბადების პირველივე წუთებიდან შეიძლება შეეჩეხონ, თუმცა ყველაზე მძიმეა მომწიფების პერიოდი, როცა მათ ჰორმონალური თერაპიის გავლა უწევთ, რათა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ჩარჩოებს მოერგონ. ინტერსექსი ადამიანების უფლებების შესახებ, 2013 წელს მალტაში, საერთაშორისო ფორუმზე შემუშავდა დეკლარაცია და გაიწერა რეკომენდაციები საკანონმდებლო ორგანოებისთვის.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ინტერსექსი ადამიანების რაოდენობა პოპულაციაში შეიძლება მერყეობდეს 0.018%-დან 1.7%-მდე. ინტერსექსუალობის ზუსტი სიხშირის დადგენა რთულია, რადგან არ არსებობს მეცნიერული კონსენსუსი, რა მიიჩნევა ახალშობილებში ინტერსექსუალობის კრიტერიუმებად. ხანდახან კი ინტერსექსუალობა დაბადებისას ხილვადი არ არის და ადამიანის ცხოვრების სხვა ეტაპებზე ვლინდება.

ინტერსექსუალობის ფენომენი ასახულია თანამედროვე ლიტერატურაში, კერძოდ, ამერიკელი მწერლის, ჯეფრი იუჯინიდისის 2002 წელს გამოცემულ რომანში „ორ სქესს შორის“ (Middlesex), რომლის მთავარი გმირი ინტერსექსი ადამიანია. წიგნი 2019 წელს ქართულ ენაზეც გამოიცა და ხელმისაწვდომია ქართულენოვანი მკითხველისთვის.

ინტერსექსი ადამიანების სიმბოლოა ყვითელი დროშა ზედ გამოსახული იისფერი წრით. ყვითელი და იისფერი ბერძნულ მითოლოგიაში ჰერმაფროდიტი ადამიანების ფერებად განიხილება, წრე კი სრულყოფილების ნიშანია, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ ინტერსექსი ადამიანები სრულყოფილები არიან ისეთები, როგორებიც დაიბადნენ.