1
    

ევროკავშირმა ლგბტქი თანასწორობის სტრატეგია შეიმუშავა

15.11.2020


2020 წლის 12 ნოემბერს ევროკავშირმა ლგბტქი თანასწორობის შესახებ მომდევნო 5 წლის სამოქმედო სტრატეგია გაასაჯაროვა. ჩვენ შევეცდებით, მოკლედ და გასაგებად აგიხსნათ, რას გულისხმობს ეს სტრატეგია და რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს იგი.

ევროპაში ყველაზე დიდი ქვიარ ასოციაცია „ილგა ევროპა“ წლების განმავლობაში ითხოვდა ოფიციალურ სტრატეგიას ევროკომისიისგან, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ლგბტქი ადამიანების უფლებებზე. ამის საჭიროება ბოლო წლებში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რადგან ევროკავშირის წევრ რამდენიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებები საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
 
2020 – 2025 წლების სამოქმედო სტრატეგია არის გარანტი იმისა რომ ევროკომისია, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვაში, მათ შორის საკანონმდებლო დონეზეც. 

სტრატეგია მოიცავს ოთხ მთავარ პუნქტს:

1. დისკრიმინაციის დაძლევა 
პირველი პუნქტი მოიცავს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას სამუშაო ადგილებზე, აგრეთვე, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვალდებულება ეკისრებათ, ერთმანეთს გაუზიარონ პოზიტიური პრაქტიკა ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ყველა წევრი ქვეყანა ერთმანეთს გაუზიარებს ინფორმაციას თავშესაფრის მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიის გარეთ არსებულ ლგბტქი დისკრიმინაციას უკავშირდება.


2. უსაფრთხოების უზრუნველყოფა
ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სტატისტიკა გლობალურად იზრდება. გარდა იმისა, რომ აღნიშნული პუნქტი მოიცავს სიძულვილის ენას და ზოგადად სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს როგორც ფიზიკურ, ასევე ინტერნეტ სივრცეში, საყურადღებოა ისიც, რომ სტრატეგიის მიხედვით, არამხოლოდ დამნაშავე  უნდა დაისაჯოს, არამედ უზრუნველყოფილი უნდა იქნას მსხვერპლთა მხარდაჭერის პროგრამების შემუშავებაც. 


3. ინკლუზიური სივრცეების შექმნა
აღნიშნული პუნქტი ძირითადად  ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებსა და მათ შვილებს ეხება. არაჰეტერონორმატიული ოჯახები დისრკიმინაციას, ევროკავშირის ერთი ქვეყნიდან მეორეში მოგზაურობის დროს, შეიძლება საზღვრის კვეთის მომენტიდანვე გადააწყდნენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, წევრი ქვეყნების კანონმდებლობა თანხვედრაში იყოს ერთმანეთთან და გადაადგილების თავისუფლება არავის შეეზღუდოს.


4. თანასწორობის იდეის მხარდაჭერა მსოფლიო მასშტაბით
სტრატეგიის მიხედვით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, საერთაშორისო მოლაპარაკებების დროს მხარს დაუჭერენ ლგბტქი ადამიანების თანასწორობას. გაიზრდება დაფინანსება სხვა ქვეყნებში თანასწორობის იდეის პოპულარიზაციისთვის; გარდა ამისა, მოხდება საკანონმდებლო და სოციალური საუკეთესო პრაქტიკების მაგალითების  გაზიარება იმ ქვეყნებისთვის, სადაც ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვა გამოწვევა რჩება.