1
    

ქვიარ თეორია: ათი საკითხავი ტექსტი

27.11.2020



ქვიარ თეორიის, როგორც აკადემიური კრიტიკული მიმართულებისა და ინსტრუმენტის, წარმოშობის ზუსტი დროის განსაზღვრა რთულია, ვინაიდან ქვიარ თეორიის საფუძვლები შესაძლებელია სხვადასხვა სოციალურ მოძრაობასა და თეორიულ სკოლაში დავინახოთ. ამ საფუძვლებს შორისაა ფემინისტური თეორია და მოძრაობები, ფერადკანიანთა მოძრაობები, შიდსის აქტივიზმი, პოსტსტრუქტურალისტური და პოსტკოლონიური თეორიები.


მაგალითად, ქვიარ თეორიის წარმოშობისა და დამკვიდრების ერთ-ერთ ხელშემწყობ ფაქტორად შესაძლებელია განვიხილოთ აშშ-ში 1980-იან და 1990-იან წლებში არსებული ქვიარ აქტივისტური ჯგუფები ACT UP და Queer Nation. ACT UP 1980-იან წლებში, ამერიკაში შიდსის კრიზისის დროს, შიდსის აქტივიზმით იყო დაკავებული; აქტივისტების ჯგუფი ცდილობდა, საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტების ყურადღება მიეპყრო შიდსის ეპიდემიისთვის, რომლითაც უამრავი ადამიანი იღუპებოდ. 1990-იან წლებში კი Queer Nation მიზნად ისახავდა ქვიარების ხილვადობის ზრდას და ჰეტეროსექსუალი საზოგადოებისთვის საკუთარი არსებობის გაცხადებას. ჯგუფის ტაქტიკა ეროვნული სიმბოლოებით და მომხმარებლური კულტურით შემოსაზღვრული სივრცის დაკავებას და გაქვიარებას მოიცავდა.


უშუალოდ „ქვიარ თეორიის“ სახელდება 1991 წელს მოხდა, როდესაც პროფესორმა ტერეზა დე ლაურეტისმა აკადემიური ჟურნალის ნომერს „ქვიარ თეორია: ლესბოსური და გეი სექსუალობები უწოდა“. დე ლაურეტისი „ქვიარ თეორიის“ ქვეშ სულ მცირე სამ კრიტიკულ მიმართულებას აერთიანებს: ჰეტეროსექსუალობის სტანდარტად განხილვაზე უარის თქმა; ლესბოსური და გეი კვლევების ჰომოგენურობის ეჭვქვეშ დაყენება; აქცენტი რასაზე და იმაზე, როგორ ახდენს რასა გავლენას სექსუალური სუბიექტურობების ფორმირებაზე.


ვინაიდან ქვიარ თეორია გამოწვევის წინაშე აყენებს ჰეტეროსექსუალობას, მისი ერთ-ერთი ცენტრალური კრიტიკული ცნება „ჰეტერონორმატიულობაა“. ჰეტერონორმატიულობა აღნიშნავს ხედვას, რომელიც ჰეტეროსექსუალობას „ნორმალურ“ ან „საუკეთესო“ სექსუალობად წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს ძალაუფლების ფორმაცაა, რომელიც სხვადასხვა ინსტიტუტებისა და ნორმების მეშვეობით ჰეტეროსექსუალობის „წახალისებას“, მის სავალდებულოობას უზრუნველყოფს.


ქვიარ თეორია ასევე ეჭვქვეშ აყენებს სექსუალობის მარტივ დაყოფას ჰეტეროსექსუალობისა და ჰომოსექსუალობის ბინარულ ფორმებად. შესაბამისად, ლესბოსელებისა და გეების მიღმა, ქვიარ თეორია მეტ ხილვადობას აძლევს ბისექსუალებს, ტრანსგენდერებს და სხვა არანორმატიულ იდენტობებს. გარდა ამისა, ქვიარ თეორიის მნიშვნელოვან მიმართულებად მიიჩნევა ყურადღების გამახვილება რასასა და ეთნიკურობაზე, და ანალიზი იმისა, თუ რა ურთიერთმიმართებაში შეიძლება იყოს რასა/ეთნიკურობა და სექსუალობა ერთმანეთთან.


ბოლო წლების განმავლობაში ქართულ ენაზე ითარგმნა მნიშვნელოვანი თეორიული სტატიები, რომელთა ნაწილს - ათ საკითხავ ტექსტს - აქ წარმოგიდგენთ. წარმოდგენილ სტატიებში განხილვის საგანია ისეთი თემები, როგორიცაა: სექსუალობის ისტორია, იდენტობებისა და ანტიიდენტობების ფორმირება და მნიშვნელობა, ქვიარ პოლიტიკის ვარიაციები - მათი მნიშვნელობები და გავლენები, ქვიარ იდენტობებისა და აქტივობების სახე კაპიტალიზმისა და კოლონიალიზმის კონტექსტში.

 

1.       მაიკლ უორნერი - „ქვიარ პლანეტის შიში

2.       დევიდ ჰალპერინი - „არსებობს თუ არა სექსუალობის ისტორია?“

3. ედრიენ რიჩი - „სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა და ლესბოსური არსებობა“

4.       მონიკ ვიტიგი - „ქალად არ იბადებიან“

5.       ჯუდით ბატლერი - „მხოლოდ კულტურული“

6.       მაიკლ უორნერი - „ნორმალური და უფრო ნორმალური“

7.       ჯუდით/ჯეკ ჰალბერსტამი - „მარცხის ქვიარ ხელოვნება“

8.   ჯუდით/ჯეკ ჰალბერსტამი - „ჩრდილოვანი ფემინიზმები: ქვიარ-ნეგატიურობა და რადიკალური პასიურობა“

9. ჯასბირ პუარი - „ჰომონაციონალიზმი, როგორც კრებული: ვირუსული მოგზაურობები, აფექტური სექსუალობები“

10.   პოლ პრესიადო - „ვირუსისგან ვსწავლობთ“