1
    

სოლიდარობა აფრიკის დასახლებას

16.12.2020


ჩვენ, ქვიარ თემის წევრები, რომლებსაც არაერთი სოციო-ეკონომიკური პრობლემა საკუთარ თავზე გამოგვიცდია და კვლავაც განვიცდით, სოლიდარობას ვუცხადებთ აფრიკის დასახლების მოსახლეებს და ყველა იმ ადამიანს საქართველოში, რომელიც იბრძვის ღირსეული ცხოვრებისთვის. 

საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველო სოციალური სახელმწიფოა - სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ განვითარებაზე, მოქალაქეების ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, საარსებო მინიმუმით და ღირსეული საცხოვრისით უზრუნველყოფაზე. მიუხედავად ამისა, რთულია თქმა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველო წარმატებულ სოციალურ სახელმწიფოდ შედგა. ამაზე მიუთითებს სიღარიბის სხვადასხვა ინდიკატორები - უმუშევრობა, სოციალურად დაუცველთა მაღალი რაოდენობა, არაადეკვატურად განსაზღვრული საარსებო მინიმუმი, დაბალი პენსიები და სოციალური შემწეობები, უსახლკარობა. 2020 წლის განმავლობაში არსებულ ტენდენციებს ლარის მზარდი გაუფასურება და პანდემიით გამოწვეული/დამძიმებული სოციო-ეკონომიკური კრიზისიც დაემატა.

ამ ფონზე განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო გუშინ, 15 დეკემბერს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მომხდარი შემთხვევა, როდესაც “სოციალურმა” სახელმწიფომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს თავიანთივე აშენებული სახლები დაუნგრია. ადამიანებს, რომლებიც უსახლკარობიდან გამოსავალს ეძებდნენ, სახელმწიფო არათუ დაეხმარა, არამედ დაუნდობლად წაართვა თავშესაფარი და ეს აქტი “კანონის დაცვად” შერაცხა. ეს მაშინ როცა სახელმწიფო უფასოდ ან 1 ლარად ჩუქნის ჰექტრობით მიწებს საპატრიარქოს და დაახლოებულ ბიზნესმენებს, მსხვილ კომპანიებს კი ნებას აძლევს, უკანონო გარიგებების შედეგად ააშენონ სხვადასხვა ტიპის დაწესებულებები მწვანე და რეკრეაციული ზონების გაქრობის ხარჯზე. 

სახლების ნგრევას საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება და ბრაზი მოჰყვა, რის პასუხადაც ქალაქის მერმა, კახა კალაძემ ერთ-ერთ ოჯახს ბინა აჩუქა. ამგვარად, ერთით მეტ ოჯახს ექნება საცხოვრისი. მიუხედავად ამისა, ჩვენთვის მიუღებელია ადამიანების ღირსეული ცხოვრების სისტემური უზრუნველყოფის ჩანაცვლება ქველმოქმედებით, რომლის მიზანიც პოლიტიკური ქულების დაწერაა. ახლა, ისე როგორც არასდროს, ქართველ ხალხს ჭირდება ადეკვატური სახელმწიფო პოლიტიკა სიღარიბის წინააღმდეგ, რაც შეუძლებელია, ინდივიდუალურმა და ერთჯერადმა ქველმოქმედების აქტებმა ჩაანაცვლოს.