1
    

ევროკავშირმა აივ ინფექციის მკურნალობის რევოლუციური მეთოდი დაამტკიცა

24.12.2020


ევროკავშირმა აივ-ის ინოვაციური მკურნალობა დაამტკიცა - ეს პირველი სრული, ხანგრძლივი და თვეში ერთხელ ან ორჯერ მისაღები ინექციაა, რომელიც, აქტივისტების შეფასებით, მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს.


მკურნალობის პროგრამა ორი მედიკამენტისგან შედგება, რომლებიც ცნობილია როგორც კაბოტეგავირი და რილპივირინი. ეს უკანასკნელი შემუშავებულია ფარმაცევტული კომპანიJassen-ის მიერ; მისი მიღება საჭიროა თვეში ერთხელ ან ორჯერ. აქამდე აივ-დადებით ადამიანებს მედიკამენტების ყოველდღიური მიღება ესაჭიროებოდათ, ხოლო მკურნალობის ახალი პროგრამით  იგივე ეფექტის მიღწევა წამლის წელიწადში 12-ჯერ მიღებითაც შესაძლებელია.


მედიკამენტების საცდელი პერიოდი 2022 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მისი ეფექტურობის დადასტურების შემდეგ, პროცესი შეჩერდა და პროგრამამ ავტორიზაცია მიიღო. ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს უკვე ექნება შესაძლებლობა, აღნიშნული მკურნალობის პროგრამით ისარგებლონ. სამედიცინო ექსპერტები მიესალმებიან ამ ინოვაციური მკურნალობის ავტორიზაციას და აღნიშნავენ, რომ ანტირეტროვირუსული ინექცია საჭირო ალტერნატივაა მათთვის, ვისაც არ შეუძლია ან ა სურს მიიღოს ყოველდღიური აბი.


ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი ადამიანის გენომში ერთვება და უჯრედებს მის გამრავლებას აიძულებს. მაგრამ კაბოტერავირი ხელს უშლის ვირუსული დნმ-ის იმუნურ უჯრედებში შეღწევას (T-ლიმფოციტები), რაც ორგანიზმში აივ-ის გამრავლებას ხელს უშლის.


ინოვაციური მედიკამენტის კლინიკურ კვლევაში 1200 ადამიანი მონაწილეობდა 16 ქვეყნიდან. კვლევაში მონაწილე პირთა 55%-მა განაცხადა, რომ ურჩევნია არ მიიღოს ყოველდღიური მკურნალობა, ხოლო 58% პროცენტმა თქვა, რომ ყოველდღიური დოზა მუდმივად ახსენებთ იმ ფაქტს, რომ აივ-ინფექციით ცხოვრობენ. მედიკამენტის ამგვარი ინექცია ასევე მოსახერხებელია მათთვის, ვინც საკუთარი აივ სტატუსის შესახებ ღიად ვერ საუბრობს; უფრო მარტივი და კომფორტული ხდება მგზავრობაც, ვინაიდან მედიკამენტების ტრანსპორტირება ხშირად ბევრ დამატებით კითხვას იწვევს ხოლმე ტრანსპორტსა თუ სასაზღვრო კონტროლზე.


როგორც NAM Aidsmap-ის აღმასრულებელი დირექტორი, მეთიუ ჰოდსონი აცხადებს, მედიკამენტების სხვადასხვა არჩევანის არსებობა ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს ექნება საშუალება, რომ აივ-მკურნალობით ისარგებლოს. ხანგრძლივი მოქმედების ინექციურ საშუალებას ასევე აქვს PrEP-ის გამარტივების პოტენციალი, რაც სასარგებლო იქნება არა მხოლოდ აივ-დადებითი, არამედ აივ-უარყოფითი ადამიანებისთვისაც.