1
    

2020-ის შეჯამება: კრიზისი და სოლიდარობა ქვიარ თემში

11.01.2021


ძვირფასო ლგბტქ თემის წევრებო, მეგობრებო და მხარდამჭერებო, ამ პოსტით გვსურს შევაჯამოთ 2020 წელი, რომელიც საკმაოდ მძიმე გამოდგა. COVID-19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო, და საქართველოც სრულიად ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დააყენა. კიდევ უფრო გაღრმავდა ეკონომიკური კრიზისი და ნათლად წარმოჩინდა ის სისტემური ჩავარდნები, რაც სახელმწიფოს ჯანდაცვის, სოციალურ და შრომის პოლიტიკებში არსებობს.

ე.წ. ლოქდაუნით და შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერება თუ შეფერხება ქვიარ თემისთვისაც მტკივნეული გამოდგა. ჩვენი თემი განსაკუთრებულად მოწყვლადია შრომის და სოციალური მდგომარეობის ისეთი თავისებურებების გამო, როგორიცაა: დასაქმებისა და შემოსავლის არასტაბილურობა; მოკლევადიან კონტრაქტებზე, შტატგარეშე ან საერთოდ უკონტრაქტო (არაფორმალური) მუშაობა; თემის ნაწილის კონცენტრაცია მომსახურების სფეროში, ხოლო ნაწილის ჩართულობა სექს-სამუშაოში; დანაზოგების არქონა; ქირით ცხოვრება.

ცხადია, რომ სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული  ანტიკრიზისული გეგმა ქვიარ თემისთვის სრულიად არაადეკვატური და ჩვენს საჭიროებებს აცდენილი გამოდგა - სახელმწიფომ კომპენსაცია ძირითადად იმ მოქალაქეებს შესთავაზა, რომლებიც ფორმალურად, შტატში მყოფი, სტაბილურად დასაქმებულები არიან და რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. თემის წევრები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ლოქდაუნის გამოცხადებიდან მალევე ბევრი ჩვენგანი დადგა ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცა ბინის ქირის, საკვებისა თუ მედიკამენტების ხარჯების დაფარვის შეუძლებლობა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ტრანსგენდერი სექს-მუშაკი ქალები, რომლებიც დღიურ გამომუშავებაზე იყვნენ დამოკიდებულნი.

ამ მძიმე ფონზე სიამაყის მიზეზს გვაძლევს ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ მობილიზაცია და უმნიშვნელოვანესი სოლიდარობის აქტების განხორციელება. ორგანიზაციებმა თემში არსებული კრიზისის საპასუხოდ და პირველადი საჭიროებების დასაფინანსებლად მოვიზიდეთ დონორები ან შევქმენით ადგილობრივი ფონდები. ასევე, აღსანიშნავია უფრო ფართო საზოგადოებრივი მობილიზაცია, რომელიც პირველი ჩაკეტვის დროს ტრანსგენდერი სექს-მუშაკების დასახმარებლად განხორციელდა.

მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა, ჩვენ არ ვთქვით უარი ხილვადობაზე. თბილისი პრაიდმა 17 მაისის ონლაინ აქცია-კონფერენციის საშუალებით საჯარო გავხადეთ თემის სათქმელი; გარდა ამისა, ამავე კონფერენციის ფარგლებში მივეცით პლატფორმა ჩვენს მხარდამჭერებს, მათ შორის, საჯარო მოხელეებს და პოლიტიკოსებს. ეს იმედს გვაძლევს, რომ მომავალში ნაკლებად ექნება ადგილი პოლიტიკურ ჰომოფობიას, სიძულვილის ენას პოლიტიკაში და უფრო მეტი პოლიტიკოსი მოგვევლინება ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მხარდამჭერად. პანდემიით გამოწვეული კრიზისის საპასუხოდ თბილისი პრაიდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა ქვიარ თემის საჭიროებებზე მორგებული ფონდი. ჩვენ ვთხოვთ მოქალაქეებს, რომ თემის წევრების დასახმარებლად დონაცია განახორციელონ, სანაცვლოდ კი, სიმბოლურად ჩვენს პირბადეებს ვჩუქნით.

ჩვენი ბრძოლა სივრცისთვის - უსაფრთხო პირადი სივრცისა თუ საჯარო სივრცისთვის - კვლავ ძალაშია. არსებული კრიზისის ფონზე ჩვენი ერთობა და სოლიდარობის ქსელები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მზარდი ურთიერთსოლიდარობით და კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერით 2021 წელსაც ასევე გავაგრძელებთ მუშაობას და ბრძოლას, და დავძლევთ იმ განსაკუთრებულ გამოწვევებს, რის წინაშეც პანდემიის გამო აღმოვჩნდით.