1
    

არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო პლატფორმის განცხადება

21.02.2021


ჩვენ, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ ღრმა წუხილსა და შეშფოთებას ქობულეთში 14 წლის მოზარდი გოგონას გარდაცვალების ფაქტის გამო. აღნიშნული ტრაგედია ცხადყოფს, რომ ქვეყანაში არსებული ძალადობისგან დაცვისა და დახმარების მექანიზმები არაეფექტურია, ხოლო ოჯახი და საზოგადოება ბავშვს მხარდაჭერის ნაცვლად მსაჯულად და მოძალადედ ევლინება.

მსგავსი ტრაგედიის განმეორების თავიდან აცილების მიზნით მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, რათა სასწრაფოდ გაატარონ სისტემური ცვლილებები. კერძოდ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

− სექსუალური დანაშაულის შემთხვევაში იმოქმედონ მოკლე ვადებში/სწრაფად, სიფრთხილით და ყველა წესის დაცვით (მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით).

− დროულად შექმნან მსხვერპლის უსაფრთხოების შეფასების მექანიზმი და საფრთხის არსებობის შემთხევაში იზრუნონ მის დაცვაზე.

− მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან არიდების მიზნით, არასრულწლოვნების გამოკითხვისთვის შექმნან ნეიტრალურ ადგილას ბავშვზე მორგებული სივრცეები. 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:

− სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან და ოჯახის წევრებთან რეალურად განხორციელდეს როგორც სოციალური მუშაკის, ასევე ფსიქოლოგის ჩართულობა.

− სოციალური მუშაკის მხრიდან განხორციელდეს მსხვერპლზე ორიენტირებული კომპლექსური მუშაობა, საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფა, რაც ფსიქოლოგის მომსახურებასთან ერთად შესაძლოა მოიცავდეს გინეკოლოგის, ფსიქიატრის, სექსოლოგის ან სხვა სპეციალისტის კონსულტაციას.

− გაიზარდოს სოციალური მუშაკების რაოდენობა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და საჭიროების მიხედვით. შეიქმნას გეგმა, რაოდენობის ზრდის, სამუშაო პირობების გაუმჯობესების და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

− მოხდეს ჯანდაცვის პროფესიონალების (ექიმების) კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, რათა შეძლონ სექსუალური ძალადობის იდენტიფიცირება და ძალადობის მსხვერპლ პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება და სწორი რეაგირება.

− საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდეს საინფორმაციო საგანმანათლებლო კამპანიები, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ძალადობის ფაქტებზე ადეკვატურ რეაგირებას და სექსუალურ დანაშაულზე მცდარი შეხედულებების შეცვლას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:

− სკოლებში დაინერგოს განათლება რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის საკითხებზე.

− ზოგადი განათლების განუყოფელი ნაწილი გახდეს სექსუალური ძალადობის ამოცნობისა და მასთან გამკლავების უნარების შეძენა.

− აუცილებელია, გადამზადდნენ პედაგოგები, რათა მათ შეძლონ სკოლის მოსწავლეებთან სწორი ინფორმაციის მიტანა სექსუალური, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, ასევე სექსუალური ძალადობის შესახებ. სკოლების ბაზაზე სასურველია, დაიწყოს მუშაობა მშობლებთან იგივე საკითხებზე.

− გაიზარდოს მასწავლებლების ცნობიერება და ინფორმირება, რათა დროულად მოახდინონ სავარაუდო ძალადობის იდენტიფიცირება და სწორი რეაგირება (რეფერირების პროცედურის შესაბამისად).

საქართველოს პარლამენტს:

− ყველა ბავშვი, რომელსაც რაიმე ფორმით შემხებლობა აქვს სამართალდამცავ ორგანოსთან დაექვემდებაროს სავალდებულო დაცვას.

− შეიტანოს ცვლილება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში და მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან არიდების მიზნით ბავშვი გამოიკითხოს/დაკითხოს სპეციალიზებული ინტერვიუერის მიერ ბავშვზე მორგებულ სივრცეში.

− მოხდეს გამოკითხვის/დაკითხვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა, რაც გამოკვლეულ იქნება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე.

ხელმომწერი ორგანიზაციები:
საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“
ქვიარ ასოციაცია – თემიდა
ასოციაცია ”ჰერა XXI”
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
თბილისი პრაიდი
ქალი და რეალობა
ბემონი
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
ქალთა ფონდი საქართველოში
ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის
ჰელფინგ ჰენდ
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
რეალური ხალხი რეალური ხედვა
GYDEA
GrlzWave