1
    

სასამართლომ პოლონელი აქტივისტები „რელიგიური გრძნობების“ შეურაცხყოფაში უდანაშაულოდ სცნო

05.03.2021


უკვე რამდენიმე თვეა სამი პოლონელი ლგბტქ აქტივისტი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია. ისინი ბრალდებულები იყვნენ რელიგიური ადამიანების „გრძნობების შეურაცხყოფაში“ - საპროტესტო აქციაზე გამოტანილი პოსტერის გამო, რომელზეც წმინდა მარიამი ცისარტყელის შარავანდედით იყო გამოსახული.


2021 წლის 2 მარტს პოლონეთის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გაასაჯაროვა და აქტივისტები უდანაშაულოდ სცნო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში. სასამართლოს გადაწყვეტილებაში აქტივისტების ქმედება „პროვოკაციულად“ იყო შეფასებული, თუმცა იქვე იყო განმარტებული, რომ „პროვოკაცია“, რომელიც ზიანის მომტანი არავისთვის ყოფილა, სისხლის სამართლის კოდექსის გამოყენების მიზეზი ვერ გახდება.


საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მა სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაც კი აბსურდად შეაფასა და აქტივისტების მხარდასაჭერად 160 000 ხელმოწერა ერთ დღეში შეაგროვა.  „პოლონეთის მთავრობა აქტიურად ებრძვის ლგბტქ აქტივისტებს და ეს არის მათი მორიგი მცდელობა, შეავიწროვონ ადამიანები, რომლებიც საკუთარი უფლებებისთვის იბრძვიან,“ - ნათქვამი იყო ორგანიზაციის განცხადებაში.


სასამართლომ გაითვალისწინა ისიც, რომ აქტივისტებმა პოსტერის დამზადება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ერთ-ერთმა პოლონურმა ეკლესიამ დაამზადა ინსტალაცია, რომელშიც ნახსენები იყო ადამიანის ნეგატიური თვისებები, მაგალითად შური, ბოროტება და მათ შორის, ჰომოსექსუალობაც. „აქტივისტების მიზანი რელიგიური ადამიანების დამცირება არ ყოფილა, მათ უბრალოდ ხაზი გაუსვეს ჰომოფობიას, რომელსაც ზოგ ეკლესიაში ვაწყდებით,“ განაცხადა მოსამართლემ.