1
#Statement
    

8 მარტი - თავისუფლება ქალებს!

08.03.2021


ამ დღეს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაპყრობთ ჩაგვრისგან ქალთა განთავისუფლების მიზანს და ქალთა უფლებებს. პატრიარქალურ სამყაროში ქალები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. სიღარიბე, ჩაგვრა, სტრუქტურული თუ გენდერული ძალადობა ქალებს, როგორც ჩაგრულ სოციალურ ჯგუფს, მძიმე დაღს ასვამს, ასუსტებს მათ და კლავს მათში არსებულ პოტენციალს. 


გენდერული ძალადობა ერთ-ერთი ის მოვლენაა, რომელიც ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, სხვადასხვა გზით და ფორმით ვებრძოლოთ მას. ბოლო პერიოდში ჩვენთვის განსაკუთრებულად ხილვადი გახდა ქალებსა და გოგონებზე სექსუალური ძალადობის საკითხი. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს მიუღებელია! სექსუალური ძალადობისგან დაცულობის, ზოგადად სექსუალური თავისუფლების რეალიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა სექსუალურ განათლებაზე გადის. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ დაინახოს ეს პრობლემა და დანერგოს სკოლებში ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება!


ძალადობის მიზეზების სხვადასხვაგვარი ახსნა და ინტერპრეტაცია არსებობს, თუმცა ჩვენ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ თავისუფლების ცრუ გაგებაზე, რომელიც ზურგს უმაგრებს ძალადობას და დომინაციას. თავისუფლება არ არის ეგოიზმი, თავისუფლება არ არის საკუთარი სურვილების ყველაფრის ფასად დაკმაყოფილება, თავისუფლება არ მიიღწევა სხვა ადამიანების ექსპლუატაციით, მანიპულაციით და დამორჩილებით. თავისუფლება სხვების გათვალისწინებაშია, თავისუფლება ზრუნვაში და სოლიდარობაშია, თავისუფლება ერთობაშია.


თავისუფლება ქალებს!