ქამინგ-აუთი და მენტალური ჯანმრთელობა: რატომ გვჭირდება ვიყოთ ის, ვინც სინამდვილეში ვართ?

10 ოქტომბერი მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა, 11 ოქტომბერს კი ქამინგ-აუთის დღეს აღვნიშნავთ. გამომდინარე იქედან, რომ საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის დამალვის აუცილებლობა, ან პირიქით, ქამინგ-აუთის შესაძლებლობა, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ცხოვრების ხარისხთან, გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა სტატია, სადაც განვიხილავთ, თუ რა უარყოფითი ეფექტი აქვს ,,კარადაში დარჩენის” (‘Closeted’ – ინგ. საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის დამალვა) პირდაპირ ან ირიბ იძულებას ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე და რატომაა მნიშვნელოვანი გარემო, სადაც ქამინგ-აუთი მხარდაჭერილი და უსაფრთხოა.

მენტალური ჯანმრთელობის ისეთმა პრობლემებმა, როგორიცაა, დეპრესია, შფოთვა, კვებითი აშლილობები, თვითდაზიანება, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება თუ სუიციდური ფიქრები ან სუიციდის მცდელობა, შესაძლოა ყველა ადამიანის ცხოვრებაში იჩინოს თავი, თუმცა ლგბტქ+ ადამიანებს ამ პრობლემების წინაშე აღმოჩენის უფრო მაღალი რისკი აქვთ. 

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს არა ლგბტქ+ ადამიანად დაბადება, არამედ ის გარემო იწვევს, რომელიც სავსეა ბარიერებით. დისკრიმინაციას, ჰომოფობიას ან ტრანსფობიას, სოციალურ იზოლაციას, უარყოფას და ქამინგ-აუთის რთულ და ტრავმულ გამოცდილებებს პირდაპირი გავლენა აქვთ ქვიარების მენტალურ ჯანმრთელობაზე. 

ლგბტქ+ ადამიანები დეპრესიის ან შფოთვის ორჯერ უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე ჰეტეროსექსუალები და სისგენდერები. ტრანსგენდერი ადამიანებისთვის იგივე მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ლგბტქ+ ბავშვებსა და მოზარდებსაც შფოთვისა და დეპრესიის განვითარების უფრო მაღალი ალბათობა აქვთ.  

საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიღება და უსაფრთხო ქამინგ-აუთის შესაძლებლობა დადებითად აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ის შეიძლება ითარგმნოს მეტ თავდაჯერებულობაში, მიკუთვნებულობის განცდის ჩამოყალიბებაში, შვების შეგრძნებასა და საკუთარი თავის მიღებაში. ასევე, ოჯახთან და მეგობრებთან უკეთესი, უფრო ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.

წყარო: ideas.ted.com

ქამინგ-აუთი

როდესაც ჩვენს გენდერულ იდენტობასა თუ სექსუალურ ორიენტაციას სხვას ვუმხელთ, ამან შესაძლოა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა იქონიოს სხვადასხვა ურთიერთობებსა და გამოცდილებებზე. თუ გარემო, სადაც ქამინგ-აუთს ვაკეთებთ, არ არის მხარდამჭერი და მეტიც, ძალადობრივია, ამან შეიძლება ზიანი მოგვაყენოს. სწორედ ამიტომ, არ არსებობს ერთი, ცალსახად სწორი მიდგომა ქამინგ-აუთსა და საკუთარი იდენტობის დამალვასთან მიმართებით. ის, თუ რომელი გზა იქნება უკეთესი ადამიანის კეთილდღეობისა და უსართხოებისთვის, დამოკიდებულია ჩვენ ირგვლივ არსებულ გარემოსა და საზოგადოებაზე.

გახსოვდეთ, რომ ქამინგ-აუთი თქვენი პირადი გადაწყვეტილებაა და არ არსებობს ამის სწორი და არასწორი დრო. ის სრულად დამოკიდებულია გარემოზე, სადაც ცხოვრობთ, ადამიანებზე, ვისთვისაც ამის გამხელა გსურთ და თქვენს მენტალურ და ემოციურ მზაობაზე. 

როდესაც ქამინგ-აუთი საფრთხისშემცველია – მაგალითად მკაცრი, მოძალადე ოჯახი, რომელზეც დამოკიდებულები ვართ ეკონომიკურად თუ სოციალურად – მენტალურ ჯანმრთელობაზე მომუშავე სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ჩვენი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ, უპირველესად, ისეთ ადამიანებს ვესაუბროთ, ვისგანაც მხარდაჭერასა და მიმღებლობას ველოდებით (ეს ადამიანები შესაძლოა თემის სხვა წევრებიც იყვნენ) და თავი შევიკავოთ უფრო ფართო საზოგადოებისთვის ამის გამხელისგან ჩვენივე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში ქამინგ-აუთს შეუძლია შეამციროს სტრესის დონე ჩვენს ორგანიზმში, გაგვაძლიეროს და დაგვეხმაროს მიკუთვნებულობის განცდის განვითარებაში.

 

ტრავმა და უარყოფა

თუ ლგბტქ+ ადამიანი ხართ და ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან ან თქვენი რელიგიური თემისგან უარყოფასთან შეეჯახეთ, ამასთან გამკლავება შესაძლოა რთული იყოს. უარყოფა და იდენტობაზე დაფუძნებული დარცხვენა – როგორიცაა ჰომოფობია, ბიფობია ან ტრანსფობია – შესაძლოა ტრავმის წინაპირობაც გახდეს. 

გარდა ამისა, ლგბტქ+ თემი სიძულვილით განპირობებული დანაშაულის, სიძულვილის ენის, დისკრიმინაციისა და დამამცირებელი მოპყრობის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სამიზნეა როგორც საზოგადოების, ისე სახელმწიფოს და რელიგიური ინსტიტუციების მხრიდან. ეს შეიძლება გამოიხატოს:

  • რესურსებსა და შესაძლებლობებზე წვდომის შეზღუდვაში;
  • იარლიყების მიკვრაში;
  • ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სიტყვიერ ძალადობაში;
  • პოლიტიკურ ჰომოფობიაში;
  • განდევნასა და გარიყვაში.

ამ და სხვა ტიპის დისკრიმინაცია ლგბტქ+ ადამიანებში ზრდის პოსტრავმული სტრესის აშლილობის (PTSD) რისკს.

 

იზოლაცია

როდესაც ლგბტქ+ ადამიანებს უარყოფის, დამცირებისა და გარიყვის მოლოდინი აქვთ, მათ შესაძლოა საკუთარი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის დამალვა ამჯობინონ, მათ შორის, მათთვის ყველაზე ახლობელი ადამიანებისგანაც კი. ეს, როგორც წესი, მათ იზოლირებას, საზოგადოებისგან მოწყვეტას ან მუდმივ დაძაბულობასა და შფოთვაში ცხოვრებას უწყობს ხელს, რაც მენტალური ჯანმრთელობისთვის მძიმე ტვირთია.

ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლგბტქ+ ორგანიზაციები და მათი როლი ნებისმიერი ასაკის ქვიარ ადამიანისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცის შექმნაში. გარდა ამისა, ლგბტქ+ ადამიანების რეპრეზენტაცია ისეთ სფეროებში როგორიცაა ხელოვნება, კულტურა, სპორტი და სხვა, რათა იმ ქვიარებმა, ვისაც ახლა საკუთარი იდენტობის გამხელა არ შეუძლიათ იცოდნენ, რომ მარტონი არ არიან.

 

წყარო: rootsofloneliness.com

სამედიცინო უნდობლობა და უთანასწორო ჯანდაცვა

ჰომოფობიურ და ხილვადობისთვის საფრთხისშემცველ გარემოს გავლენა აქვს ლგბტქ+ ადამიანების არა მხოლოდ მენტალურ არამედ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც.

იზოლაცია და უხილავობა ბევრი ქვიარ ადამიანისთვის შეუძლებელს ხდის ღირსეული სამედიცინო დახმარების მიღებას, მაშინაც კი, როცა ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა არანაირ კავშირში არაა მათ იდენტობასთან. 

ჯანდაცვის სფეროში ხშირად განსჯიან ლგბტქ+ ადამიანებს მათი სექსუალური ცხოვრების გამო. ასევე ხშირია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების აუცილებლად ქონაში ან გადატანაში დადანაშაულება. ქვიარ ადამიანები არასასურველი ფიზიკური კონტაქტის ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლნიც ხდებიან. სწორედ ამიტომ, სამედიცინო პერსონალთან, საჭიროების შემთხვევაშიც კი რთული და საშიშია ქამინგ-აუთი. ეს კი შეიძლება აუცილებელ სამედიცინო ჩარევებზე უარის თქმის და, შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების წინაპირობა გახდეს.

განსხვავებით სხვა სტიგმატიზებული ნიშნებისგან, როგორიცაა, მაგალითად, გენდერი და რასა, სექსუალური უმცირესობების სტატუსი შედარებით დაფარვადია. ზედაპირულად თუ შევხედავთ, დაფარვა შესაძლოა ხელსაყრელიც მოგვეჩვენოს – ლგბტქ+ ადამიანებს შეუძლიათ თავად გადაწყვიტონ, როდის გააზიარონ ინფორმაცია მათი ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის შესახებ – მაგრამ რეალურად, ინფორმაციისა და საკუთარი თავის მუდმივად დამალვის პროცესი მენტალურად ძალიან დამამძიმებელია. ამის გაკეთება ჩვენგან მუდმივ დაკვირვებასა და დაძაბულობას მოითხოვს. დამალვის ტვირთის დამაზიანებელი ეფექტი გამოიკვეთა ერთ-ერთ კვლევაშიც: დაფარვადი სტიგმატიზებული იდენტობის – მათ შორის სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის – მქონე ადამიანებში მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე იმთავითვე შესამჩნევი სტიგმატიზებული იდენტობის (მაგ.: რასა და სქესი) მქონეებში.

ერთ-ერთ კვლევაში მონაწილეების დღიურის ჩანაწერებმა აჩვენა, რომ იმ დღეებში როცა მათი ღიაობა შედარებით მაღალი იყო საკუთარ სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ნაკლებად გამოიკვეთა დეპრესია და შფოთვა. ეს მაჩვენებელი კი პირდაპირ კავშირში იყო იმ საზოგადოებრივ მხარდაჭერასთან, რომელიც იმ დღეს მიიღეს.

მენტალური ჯანმრთელობა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე ახდენს გავლენას და როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური კეთილდღეობის განმსაზღვრელია. ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის ხარისხზე პირდაპირი გავლენა აქვს გარემოს, სადაც ვიზრდებით, ვვითარდებით და ვცხოვრობთ. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, გვესმოდეს, რომ ქამინგ-აუთისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი სივრცის შექმნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვიარ ადამიანებზე ზრუნვის, თანასწორობისა და უკეთესი, უფრო სამართლიანი და ჯანსაღი გარემოს შექმნის გზაზე.

 

წყაროები:

https://www.webmd.com/mental-health/features/lgbtq-mental-health
https://www.mcleanhospital.org/essential/lgbtq-mh
https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0277953621006183?ref=pdf_download&fr=RR-2&rr=8130a8a51de939c4

 

Comments are closed.