მენოპაუზა: ტრანს და არაბინარული ადამიანების გამოცდილება

პერიმენოპაუზალური (მენოპაუზამდელი) ან მენოპაუზალური ეტაპი ბევრი ადამიანისთვის შესაძლოა რთულად გადასალახი აღმოჩნდეს, როგორც ცხოვრების ხარისხის გამაუარესებელი სიმპტომების, ისე იმ სტიგმის გამოც, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ არსებობს.

მართალია, მენოპაუზაზე თითქმის არასდროს ვსაუბრობთ, თუმცა იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როცა ამ საკითხზე ვმსჯელობთ ან ინფორმაციას ვავრცელებთ, დისკუსია ყოველთვის ჰეტერონორმატიულია (ავტომატურად მიჩნეულია, რომ მენოპაუზა მხოლოდ ჰეტეროსექსუალი, სისგენდერი ქალების გამოწვევაა). 

წყარო: The Guardian

რა არის მენოპაუზა?

,,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO)” მენოპაუზას ასე განმარტავს: ,,მენოპაუზა ქალის ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპია და აღნიშნავს რეპროდუქციული ასაკის დასასრულს. მენოპაუზის შემდეგ ქალი ვეღარ დაორსულდება, გარდა იმ იშვიათი შემთხვევებისა, როცა ფერტილობისთვის (ნაყოფიერებისთვის) შესაბამისი მკურნალობაა დანიშნული.”

ამ განმარტებაში ყველაფერი შეესაბამება სიმართლეს, გარდა ერთისა: მენოპაუზა მხოლოდ (სისგენდერი) ქალის ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი არ არის. ეს ეტაპი შესაძლოა დადგეს ტრანსგენდერი და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების ცხოვრებაშიც. 

მენოპაუზალური გამოცდილებები განსხვავდება გენდერული იდენტობისა და იმის მიხედვით, გაიარა, ან გადის თუ არა ადამიანი ჰორმონოთერაპიას, ან გაუკეთებია თუ არა სქესის დადასტურების ოპერაცია. 

ვინ შეიძლება გამოსცადოს მენოპაუზა ან მენოპაუზის მსგავსი სიმპტომები?

მენოპაუზა გამოწვეულია ესტროგენის, პროგესტერონისა და სხვა ჰორმონების დონის ცვლილებით, რაც ასაკის მატებასთან ერთად იჩენს თავს. თუ ბოლო მენსტრუაციიდან 12 თვე გავიდა, ეს ნიშნავს, რომ მენოპაუზა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ტრანსგენდერი ადამიანების მენოპაუზალურ გამოცდილებებზე ძალიან ცოტა სანდო კვლევაა ჩატარებული, არის რაღაცები, რაც ჩვენთვის ცნობილია: მაგალითად ის, რომ ყველამ, ვისაც აქვს ან ოდესმე ჰქონია საკვერცხეები, მათ შორის ტრანსგენდერმა კაცმა, შესაძლოა გამოსცადოს მენოპაუზა ან მისი მსგავსი სიმპტომები.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ყველა ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანი არ გადის ჰორმონოთერაპიას. ადამიანს მისი გენდერული გამოხატვის შეცვლა ყოველგვარი სამედიცინო ჩარევების გარეშეც შეუძლია და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი არჩევანია.

წყარო: https://www.folxhealth.com/

რას უნდა ელოდეთ მენოპაუზის დროს თუ საკვერცხეები გაქვთ?

თუ საკვერცხეები გაქვთ, არ გაგიკეთებიათ არანაირი ოპერაცია ან არ გაგივლიათ ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია, შესაძლოა 45-55 წლის ასაკში მენოპაუზა დაგეწყოთ.

მენოპაუზა, როგორც წესი, 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობს, თუმცა ზოგჯერ 14 წლამდეც გრძელდება. ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა ხელოვნურად ,,გადადოს” მენოპაუზა, მისი მძიმე სიმპტომატიკის გამო, რომლებიც მოიცავს:

  • შეხურებას/ალებს;
  • გენიტალურ სიმშრალეს;
  • ხასიათის უეცარ და ხშირ ცვლილებას;
  • დეპრესიასა და შფოთვას;
  • ძილთან დაკავშირებულ სირთულეებს;
  • ლიბიდოს ცვლილებას;
  • კონცენტრაციის სირთულეს;
  • თმის ცვენას;
  • გულის აჩქარებას;
  • შარდვის გართულებას;
  • წონის მატებას.

ზოგიერთი ტრანს და არაბინარული ადამიანისთვის მენოპაუზა გენდერული დისფორიის გამო შეიძლება კიდევ უფრო რთული გადასალახი აღმოჩნდეს. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, შესაძლებელია თუ არა მენოპაუზის პროცესის ნაადრევი სრულად შეწყვეტა, მაგრამ ზოგიერთ ფაქტორს მისი გადადების ხელშეწყობა შეუძლია, მაგალითად:

  • ძუძუთი კვებას 7-12 თვის განმავლობაში;
  • ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებას;
  • ჯანსაღ კვებას (ხილი და პროტეინები);
  • D ვიტამინისა და კალციუმის მიღებას;
  • მოწევისა და ალკოჰოლის მოხმარების თავიდან არიდებას.

ტრანსგენდერ კაცებს, ტრანსმასკულინურ და არაბინარულ ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ საკვერცხეები და პარალელურად ტესტოსტერონის თერაპიას გადიოდნენ. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა მონაცემი არსებობს მენოპაუზაზე იმ ადამიანებში, ვისაც საკვერცხეები აქვს და თან ჰორმონოთერაპიას გადის. თუმცა, ტესტოსტერონ თერაპიამ შესაძლოა თქვენ სხეულში ესტროგენის დონის შემცირება გამოიწვიოს, რაც შეიძლება მენოპაუზის ისეთი სიმპტომების მიზეზი გახდეს, როგორიცაა, ვაგინალური ატროფია (იგივე ატროფიული ვაგინიტი – ვაგინის კედლების გამოშრობა, შეთხელება და ანთება) და არარეგულარული ან შეწყვეტილი მენსტრუაცია. ეს ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს.

რას უნდა ელოდეთ მენოპაუზის დროს თუ საკვერცხეები აღარ გაქვთ?

თუ საკვერცხეები ამოკვეთილი გაქვთ, თქვენ ქირურგიული მენოპაუზის გამოცდილება გექნებათ. საკვერცხეების ამოკვეთისთანავე (ოოფორექტომია) თქვენს ორგანიზმში ესტროგენისა და პროგესტერონის დონეები დაიკლებს. ეს შესაძლოა ისეთი მენოპაუზალური სიმპტომების წინაპირობა იყოს, როგორიცაა:

  • ლიბიდოს ცვლილება;
  • დეპრესია;
  • შეხურება/ალები;
  • გენიტალური სიმშრალე.

გაითვალისწინეთ, რომ სიმპტომების ინტენსივობა ინდივიდუალურია თითოეულ ადამიანში. 

სისგენდერი ქალების შემთხვევაში, როცა ისინი ოოფორექტომიას იკეთებენ, ექიმები ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას ნიშნავენ, რათა ესტროგენისა და პროგესტერონის დონეები შეინარჩუნონ და მენოპაუზის სიმპტომები შემსუბუქდეს. მაგრამ ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში, რომლებიც ისედაც გადიან ჰორმონოთერაპიას, შესაძლებელია მსგავსი ტიპის ჩანაცვლებითი თერაპია არ იყოს მიზანშეწონილი. ამიტომ, მნიშვნელოვანია ექიმთან ამ საკითხზე სათანადო კონსულტაცია. 

ასევე მნიშვნელოვანია, ექიმებმა ისეთი მედიკამენტები დაგინიშნონ, რომლებიც მენოპაუზის სიმპტომებთან გამკლავებაში მაქსიმალურად დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ მენოპაუზამ გამოიწვია დეპრესია, ექიმმა შესაძლოა ანტიდეპრესანტი დაგინიშნოთ.

ასევე, სამედიცინო პროფესიონალებმა შესაძლოა გასწავლოთ სხვადასხვა გზა სიმპტომების სამართავად. მაგალითად, თხელი ტანსაცმლის ჩაცმა და ოთახში ღამით დაბალი ტემპერატურის შენარჩუნება, რათა ოფლიანობამ და ალებმა ნაკლებად შეგაწუხოთ.

რას უნდა ელოდეთ მენოპაუზის დროს თუ საკვერცხეები არასდროს გქონიათ?

თუ საკვერცხეები არასდროს გქონიათ, თქვენ მენოპაუზა არ გექნებათ, მაგრამ შესაძლოა მენოპაუზის მსგავსი სიმპტომები გამოსცადოთ. თუ თქვენი ჰორმონოთერაპია ესტროგენის ბაზაზეა და უეცრად შეწყვეტთ ან დოზას შეამცირებთ, შესაძლოა ისეთი სიმპტომები გამოგივლინდეთ, რომლებიც მენოპაუზას ჰგავს. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის ირგვლივ ძალიან ცოტა მონაცემი და ცოდნა არსებობს, ნაკლებსავარაუდოა, რომ ამ სიმპტომების გამოცდა მოგიწევთ, თუ ჰორმონოთერაპიას მთელი ცხოვრების განმავლობაში განაგრძნობთ. 

ფაქტი, რომ მენოპაუზის მიმართ როგორც კვლევითი, ისე საზოგადოებრივი და სამედიცინო მიდგომა სრულად ჰეტერონორმატიულია და არ ითვალისწინებს ტრანს და არაბინარული ადამიანების გამოცდილებებსა და სპეციფიკურ საჭიროებებს, კიდევ უფრო ართულებს ამ თემის ირგვლივ სტიგმის შემცირებას და ადამიანების უფლებას, მიიღონ ღირსეული და ხარისხიანი სამედიცინო დახმარება.

იმის ფონზე, რომ:

  • საქართველოს კანონმდებლობა ტრანს ადამიანებს სქესის დადასტურების ოპერაციის გაკეთებას აიძულებს გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის;
  • ჯანდაცვის სპეციალისტები ხშირად გამოირჩევიან ტრანსფობიური, დამამცირებელი და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებით;
  • მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ჯერ კიდევ მოძველებული სახელმძღვანელოებით იღებენ განათლებას;
  • ხშირად ტრანს სპეციფიკური ჯანდაცვა ფინანსურად ხელმიუწვდომელია საქართველოში და/ან ექიმების პროფესიონალიზმის მიმართ სანდოობა დაბალია;

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, ვფლობდეთ მეტ ინფორმაციას საკუთარ სხეულზე, რეპროდუქციულ სისტემასა და იმ გამოწვევებზე, რომლების წინაშეც შეიძლება აღმოვჩნდეთ.

საერთაშორისო პრაქტიკა და რეკომენდაციები

უპირველესად, აუცილებელია ტრანს ადამიანების მიმართ შეიცვალოს ფობიური და პათოლოგიზირებული დამოკიდებულება. ამასთან ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეიქმნას და განვითარდეს მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჯანდაცვის პოლიტიკა, რომელიც მოემსახურება თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის უფლების დაცვას განურჩევლად გენდერული იდენტობისა. 

ასევე, სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა იყოს ერთმანეთისგან გარჩეული სამედიცინო, სოციალური და სამართლებრივი ტრანზიცია და ტრანს ან არაბინარულ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევანი გენდერულ ექსპრესიაში.

წყაროები:

https://thesurreyparkclinic.co.uk/lgbtq-health-menopause/
https://www.healthline.com/health/transgender-menopause#never-had-ovaries
https://www.equality.ge/

Comments are closed.