
ამ გვერდზე მოცემული ინფორმაცია მუდმივად განახლებადია. ბოლო განახლება – 20 ოქტომბერი.
მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირებებისა ღონისძიების დაცვის თაობაზე, 8 ივლისს, „ლისი ვანდერლენდის“ კერძო ტერიტორიაზე, „თბილისი პრაიდის“ ფესტივალის ჩასაშლელად ჰომოფობიური, ანტიდასავლური აქციის მონაწილეები შეიჭრნენ და ტერიტორია დაარბიეს. პოლიციამ განახორციელა პრაიდის ფესტივალის ორგანიზატორების და მონაწილეებიის ევაკუაცია. ხოლო, თავდამსხმელებმა გაანადგურეს კერძო ტერიტორიაზე არსებული ნაგებობები და ნივთები, ნაწილი ნივთების კი მოიპარეს.
8 ივლისის პრაიდის ფესტივალის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. აღსანიშნავია, რომ გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ
- ქურდობისა (სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი) და
- სხვისი ნივთის დაზიანების მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი).
3 ოქტომბრის დადგენილებით, საქმის პროკურორმა უარი განაცხადა პრაიდის ფესტივალის ორგანიზატორებისთვისა და მონაწილეებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. ადვოკატებმა აღნიშნულ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივრეს.
“თბილისი პრაიდის” უფლებების დამცველი ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) და მათი ადვოკატები დავობენ, რომ აგრეთვე დაირღვა:
1. სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილი – „ბინაში ან სხვა მფლობელობაში შეღწევა ძალადობით ან ძალადობის მუქარით“, ვინაიდან ფესტივალი ტარდებოდა კერძო საკუთრებაში, რომელიც შემოსაზღვრულია ღობეებით და მასში შეაღწიეს ძალის გამოყენებით;
2. სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლი – „ძარცვა“, ვინაიდან დარბევაში მონაწილე პირებმა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს ფესტივალზე არსებული გამაგრილებელი და ალკოჰოლური სასმელები, სხვადასხვა სახის ნივთები, ხელსაწყოები და ა.შ. რაც უამრავი პოლიციელის, მედიისა და ხალხის თვალწინ მოხდა;
3. სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი – „დევნა“, ვინაიდან ძალადობრივი ჯგუფები ლგბტ ადამიანების მიმართ ღიად გამოხატავენ აგრესიასა და სიძულვილს;
4. სისხლის სამართლის კოდექსის 161-ე მუხლი – „შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა“, ვინაიდან პრაიდის ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ვერ შეძლეს აღნიშნული კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობა, რადგან მისი ხელყოფა მოხდა მოძალადე ჯგუფებისა და შსს უმოქმედობის გამო;
5. სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი – „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა“. აღნიშნული მუხლით გამოძიება უნდა დაიწყოს ძალადობრივი ჯგუფის ორგანიზატორებისა და ხელმძღვანელების, ასევე ამგვარ ძალადობაში მონაწილე პირების მიმართ;
6. სისხლის სამართლის კოდექსის 531–ე მუხლი, „სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები“. ფესტივალის დარბევას თან ახლდა სიძულვილის მოტივი. კერძოდ ფესტივალის დარბევის ორგანიზატორები და მონაწილეები ღიად გამოხატავდნენ სიძულვილს ლგბტ ადამიანების მიმართ და დარბევის მთავარი გაცხადებული მიზეზიც აღნიშნული ფაქტორი გახდა. ამიტომ ზემოთ აღნიშნული დანაშაულების მთავარი მოტივი იყო დისკრიმინაციული ხასიათის ლგბტ ადამიანების მიმართ, რაც 531 მუხლის შემადგენლობას ქმნის;
7. სისხლის სამართლის კოდექსის თავი XXXIX – „სამოხელეო დანაშაული“ – მუხლი 333. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და/ან მუხლი 342. სამსახურებრივი გულგრილობა. გარდა მოძალადე ჯგუფების მხრიდან ზემოთ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისა, შესაძლოა სახეზე იყოს სამოხელეო დანაშაულიც. კერძოდ, მომხდარი ფაქტები ბადებს ეჭვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კოორდინაციაში იყო მოძალადე ჯგუფებდან და ფესტივალის არ დაცვა წინასწარ შეთანმხებული და დაგეგმილი იყო.
8 ივლისს მათ არ აღკვეთეს დანაშაულები, რომლებიც მათ თვალწინ ხდებოდა. დანაშაულების ჩადენის შემდგომ კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დაიწყო დაუყოვნებლივ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და არ მიუცია პასუხისგებაში არცერთი მოძალადე.
შსს–მ დანაშაულის ადგილი არც კი შემოსაზღვრა და ამ დრომდე არ ჩაუტარებია გადაუდებელი და სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები. არ აღწერა მიყენებული ზარალი, არ ამოუღია ნივთმტკიცებები და ა.შ. დანაშაულები მოხდა ასობით პოლიციელის თვალწინ. დანაშაულის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა გავრცელდა არაერთი მედიასაშუალებით და დაზარალებულებმაც შეატყობინეს შსს–ს მომხდარი დანაშაულების შესახებ. შსს–ს უმოქმედობამ და დაუყოვნებლივი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობამ შესაძლოა გამოიწვია არაერთი ღირებული მტკიცებულების განადგურება.
ამგვარად, სავარაუდოდ სახეზე გვაქვს შსს–ს მხრიდან ძალადობრივ ჯგუფებთან კოორდინაცია რაც შესაძლოა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და/ან სამსახურებრივი გულგრილობას წარმოადგენდეს. ვინაიდან არსებობს ეჭვი, რომ შსს–ს თანამშრომლების მხრიდანაც ჩადენილია დანაშაულები, აუცილებელია აღნიშნული საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება.
8. სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლი – „დევნა“. სხვა დანაშაულებთან ერთად სამართალდამცავების მიერ სავარაუდოდ ჩადენილია დევნა, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის განხილვას ექვემდებარება.
2023 წლის 14 ივლისს ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მოთხოვნით, „თბილისი პრაიდის“ დირექტორმა, მარიამ კვარაცხელიამ მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აღსანიშნავია, რომ დღემდე აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურს რეაგირება არ მოუხდენია. აღნიშნულზე ადვოკატებმა წერილობით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რაზეც დღემდე, მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოყოლია. ამასთან დაკავშირებით ადვოკატებმა დაწერეს საჩივარი ზემდგომ პროკურორთან.