
არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღე ყოველწლიურად, 14 ივლისს აღინიშნება და მისი მიზანი არაბინარული ადამიანების, მათი გამოცდილებებისა და გამოწვევების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
რატომ 14 ივლისი?
ეს დღე 2012 წლიდან აღინიშნება და ამისთვის შეირჩა თარიღი, რომელიც ქალების საერთაშორისო (8 მარტი) და კაცების საერთაშორისო (19 ნოემბერი) დღეებს შორისაა.
რას ნიშნავს გენდერის ბინარულობა?
სანამ გენდერის არაბინარულობაზე ვისაუბრებთ, მოდით, განვმარტოთ, რას ნიშნავს მისი ბინარულობა:
გენდერის ბინარულობა არის იდეა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ორი გენდერი – ქალი და კაცი – არსებობს და ისინი ერთმანეთის საპირისპიროა. შესაბამისად, სხვადასხვა მოლოდინები არსებობს ქალის ან კაცის ქცევის, როლის, ჩაცმულობის თუ სხვა მახასიათებლების ირგვლივ.
მსოფლიოს ბევრ კულტურაში გენდერის ბინარულობა წინასწარგანწყობადაა დანერგილი და ადამიანთა უმეტესობა იზრდება იდეით, რომ მხოლოდ ორი გენდერი არსებობს. თუმცა ძალიან ბევრი ადამიანი გენდერის ბინარულობაში არ ჯდება.
რას ნიშნავს არაბინარული?
განმარტება, რომელსაც „სტოუნვოლი“ (ბრიტანეთის წამყვანი საქველმოქმედო ორგანიზაცია ლგბტქ+ ადამიანებისთვის) გვთავაზობს, ასეთია: „არაბინარული ქოლგა ტერმინია და აღწერს იმ ადამიანებს, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის ექსკლუზიურად „ქალი“ ან „კაცი“. არაბინარული იდენტობები განსხვავებულია და შესაძლოა მოიცავდეს როგორც იმ ადამიანებს, რომლებიც ბინარული იდენტობების ზოგიერთ ასპექტს იზიარებენ, ისე – მათ, ვინც სრულად უარყოფენ ბინარულობას.
არაბინარული ადამიანები შესაძლოა გრძნობდნენ, რომ მათი გენდერული იდენტობა და გენდერული გამოხატვა ერთდროულად მოიცავს ორივეს, ქალსაც და კაცსაც, ფლუიდურია (ერთმანეთს ენაცვლება, იცვლება), შუაშია ან საერთოდ განყენებულია ბინარულობისგან.”
საბაზისო ფაქტები არაბინარული ადამიანების შესახებ
არაბინარული გენდერული იდენტობა სულაც არ არის ახალი რამ და არც არაბინარული ადამიანები არიან გენდერულ იდენტობაში გაურკვეველი, დაბნეული ხალხი. არაბინარული იდენტობა აღიარებული ყოფილა მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებში, საუკუნეების განმავლობაში.
ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა, არაბინარული ადამიანი სხვადასხვა სამედიცინო პროცედურას მიმართავს, რათა მათი სხეული მეტად იყოს თანხვედრაში მათ გენდერულ იდენტობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველა არაბინარულ ადამიანს არ სჭირდება სამედიცინო დახმარება სრულყოფილი ცხოვრებისთვის, ბევრისთვის ეს კრიტიკული მნიშვნელობის და, ზოგჯერ, სიცოცხლის შემანარჩუნებელიც კია.
გენდერული იდენტობა და გენდერული გამოხატვა
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამ ორ ტერმინს ერთმანეთის სინონიმებად იყენებენ, სინამდვილეში, ისინი სხვადასხვა რამეს ნიშნავს:
გენდერული იდენტობა არის შენი პირადი შეგრძნება გენდერისა. ამის აღსაწერად გამოიყენება სხვადასხვა ტერმინები, მათ შორის: კაცი, ქალი, არაბინარული, აგენდერი, გენდერ-ფლუიდი და სხვა – უამრავი გენდერული იდენტობა არსებობს.
შენი გენდერული გამოხატვა მოიცავს იმას, თუ როგორ იქცევი, გაცვია ან თუნდაც საუბრობ შენს გენდერთან მიმართებით. მაგალითად, როცა ვინმე საუბრობს ფემინურად (ისე, როგორც საზოგადოება ქალებს აღიქვამს), მასკულინურად (ისე, როგორც საზოგადოება კაცებს აღიქვამს) ან ანდროგინულად (არც ფემინურად და არც მასკულინურად) ჩაცმაზე, მის გენდერულ გამოხატვას მოიაზრებს.
ხშირად ჰგონიათ, რომ ყველა არაბინარულ ადამიანს ანდროგინული სტილი აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ზოგიერთ მათგანს გამოკვეთილად მასკულინური, ზოგს – ფემინური, ზოგს ორივე ან არც ერთი გამოკვეთილი გენდერული გამოხატვა არ აქვს.
სწორედ იმიტომ, რომ გენდერული იდენტობა და გენდერული გამოხატვა ერთმანეთისგან განსხვავდება, არ შეგვიძლია „დავასკვნათ“ ადამიანის იდენტობა მისი გამოხატვის მიხედვით.
შენი გენდერული იდენტობაც და გამოხატვაც სრულად პირადია. შენზეა დამოკიდებული როგორ აღწერ ან გამოხატავ საკუთარ გენდერს.
გენდერი, როგორც სპექტრი
იდეა, რომ გენდერი სპექტრია ორ ძირითად რამეს ეფუძნება: ისტორიულ გამოცდილებას და საბაზისო ბიოლოგიას.
ინდოელი ჰიჯრებიდან ჰავაიელ მაჰუებამდე, ყოველთვის არსებობდნენ ადამიანები, ვისი გენდერიც არ ჯდებოდა იმ სტერეოტიპულ აღქმაში, თუ რას ნიშნავს ქალი და კაცი. არაბინარული და არაკონფორმული გენდერის არსებობის ამ მაგალითებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს იმაში, თუ როგორ აღვიქვამთ გენდერს დღეს.
გარდა ამისა, გავიხსენოთ, რომ არც სქესია ყოველთვის ბინარული, ბიოლოგიურ დონეზეც კი და ყოველი 2000-დან ერთი ადამიანი ინტერსექსია.
უკეთ რომ განვმარტოთ, ის რომ არსებობს ქალის და კაცის იდენტობა, არასწორი სულაც არაა, უბრალოდ არასრულია.
როგორ გამოვხატოთ პატივისცემა და მხარდაჭერა არაბინარული ადამიანების მიმართ?
ამისათვის არ არის საჭირო, ზუსტად გესმოდეს, რას ნიშნავს, იყო არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე. საკმარისია:
- მიმართვისას გამოიყენო სახელი, რომელსაც ადამიანი გეუბნება და არ ჰკითხო, რა იყო მისი „ძველი“ სახელი;
- არ ეცადო ადამიანის გენდერის „გამოცნობას“ და სანამ მიმართავ, ჰკითხო მისი გენდერული იდენტობის შესახებ;
- მართალია, ქართულ ენაში ნაცვალსახელებს გენდერი არ აქვთ, თუმცა თუ ადამიანს ინგლისურ ენაზე ესაუბრები, გამოიყენო სწორი ნაცვალსახელები (He/She/They);
- ესაუბრო მეტი არაბინარულ ადამიანებს და გაიგო, ვინ არიან. არ არსებობს არაბინარულობის ერთი ფორმა, ამიტომ, ყველაზე მეტს მათთან საუბრითა და მათი ისტორიების გაგებით შეიტყობ.
სტატიის ბოლოს, რამდენიმე არაბინარულ ადამიანს გაგაცნობთ საქართველოდან და მათ გამოცდილებებს გაგიზიარებთ:

- „ადამიანობას სქესი არ აქვს, და არც არასდროს ჰქონია. ეს არის განცდა, იყო ის, ვინც ხარ და შეიგრძნო ადამიანად ყოფნის ბედნიერება მთელი სიმარტივით. ამ შესაძლებლობას კი კონკრეტული სქესი არ სჭირდება, მხოლოდ აღქმაა საჭირო.”

- “ჩემთვის არაბინარულობა ნიშნავს ქალის და კაცის კატეგორიებისა და მათი თანდამყოლი მოლოდინების უარყოფას. ჩემი იდენტობა გენდერული სპექტრის გარეთ ფორმირდება, თუმცა ამასთანავე იღებს მასკულინურ და ფემინურ ელემენტებსაც. არაბინარული ქოლგის შიგნით არსებობს ბევრი ქვე-იდენტობა, როგორებიცაა აგენდერი, გენდერფლუიდი, ბიგენდერი, ტრანსმასკურლინური და ტრანსფემუნური, აქიდან ზოგი უფრო თანხვედრაშია ჩემს გენდერულ იდენტობასთან ვიდრე სხვები, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემი გენდერული იდენტობა არის უნიკალურად ჩემი და არ შემოიფარგლება ერთი ან ორი იარლიყით.
საქართველოში არაბინარულ ადამიანებზე ცნობიერება პრაქტიკულად არ არსებობს. აქიდან გამომდინარე, ჩემი სექსუალური ორიენტაციისგან განსხვავებით, ჩემს გენდერულ იდენტობაზე იშვიათად ვსაუბრობდი საჯაროდ.
ერთი მხრივ ვთვლიდი, რომ თუ ფემინურად არ წარმოვაჩენდი თავს არ ვიქნებოდი მიმზიდველი. მეორე მხრივ კი ვთვლიდი რომ ჩემი სექსუალური ორიენტაცია უკვე ძალიან დიდი წნეხი იყო სხვებისათვის, შესაბამისად “არ მინდოდა მეტი თავისტკივილი დამემატებინა”.
მთავარი გამოწვევა მავნებელი ნარატივებია მთავრობის და ულტრამემარჯვენე ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან. რადგან საზოგადოებაში არ არსებობს ცნობიერება არაბინარულ ადამიანებზე, როგორ გავაცნობთ მათ ამ საკითხს არის გადამწყვეტი. ძალიან სათუთი ამბავია. სამწუხაროდ, პირველი შეხება რაც ახლა ბევრ ადამიანს ექნება არის დაშინების კამპანია, სადაც ხალხს აჯერებენ, რომ ჩვენი არსებობა და ინკლუზია მათ გენდერულ იდენტობას საფრთხის ქვეშ აყენებს.”

-
საკუთარ თავთან ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ საბოლოოდ გავიმარჯვე. გავიმარჯვე მე და საკუთარი თავის იმ ვერსიამ, რომლისთვისაც აპრიორი შინაგანი სიმშვიდე და პიროვნული შესაბამისობაა ჩემს შინაგან მეს კონცეფციასა და ჰაბიტუსს შორის.
იყო არაბინალური ნიშნავს იბრძოლო ორ ფრონტზე ერთად: უნდა დაუმტკიცო საკუთარ თავს თუ ვინ ხარ შენ უამრავ იდენტობას შორის და ამავდროულად გინდა თუ არა, გიწევს უმტკიცო გარესამყაროს, რომ შენი შინაგანი კონფლიქტი რეალური და მნიშვნელოვანია.
მინდა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ყველა ადამიანის ლოკუსი და ნულოვანი მერიდიანი არის საკუთარი თავი. მინდა დაიცალოს ინდივიდის აღქმა სქესითა და ორიენტაციით და ადამიანის ერთადერთ ორიენტირად იქცეს უფრო მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები, მაგალითად ის, არის ადამიანი ზიზღის მატარებელი და გამავრცელებელი, თუ პირიქით.
“როგორი ლამაზი გოგო ხარ!” და “ბიჭი თუ ხარ დაემსგავსე ბიჭს” – ამ ორს შორის გაჭედილს ხშირად მიფიქრია როგორი იქნებოდა ჩემი რეალობა ჩემი იდენტობაც იმ ნორმატიულობის ნაწილი რომ იყოს, რომლისკენაც ასე ძალადობრივად გვიბიძგებს ჩვენი სოციუმი. -
არაბინარულ ადამიანებს ისევე შეუძლიათ ბედნიერი, სრულფასოვანი ურთიერთობების ქონა, როგორც ყველას.
ჩვენს ქართულ საზოგადოებაში ამ მოკრძალებული იდენტობის გაგება და მიღება ხანდახან ძალიან უჭირთ. თუმცა, არაბინარულ ადამიანად ყოფნა არავის უშლის ხელს სიყვარულისა და ბედნიერების პოვნაში. დიახ, შეგიძლია იყო არაბინარული და მშვენიერი ცოლი გყავდეს! სიყვარული ეხება გულებს შორის კავშირს და არა იმ იარლიყებს, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ. გენდერული იდენტობა და ის, ვინც გვიყვარს, ორი განსხვავებული რამ არის და ყველა იმსახურებს გვიყვარდეს და ვუყვარდეთ ისეთი, როგორიც ვართ.
წყარო:
https://www.healthline.com/health/transgender/nonbinary