
საქართველოში უფლებადამცველთა მდგომარეობისა და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების შესასწავლად, 2023 წლის შემოდგომაზე ქვეყანას გაეროს სპეციალური მომხსენებელი, მერი ლოლერი ეწვია. 7 ნოემბერს გამოქვეყნებულ პირველად დაკვირვებებსა და რეკომენდაციებში, სპეციალური მომხსენებელი შეეხო იმ მნიშვნელოვან წუხილებს, რაც სამოქალაქო საზოგადოებას, აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებს გვაქვს.
ზოგადი სურათი:
მერი ლოლერი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას „ქვეყნის სიამაყეს“ უწოდებს და საუბრობს მის სიძლიერეზე, მიზანდასახულობასა და მრავალფეროვნებაზე. სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას აქვს რეალური, ხელშესახები პოზიტიური გავლენები და ის მრავალი ადამიანის ცხოვრებას აუმჯობესებს. ფასდაუდებელია უფლებადამცველთა შრომა გარემოს დაცვის, ქალთა უფლებების, არჩევნების მონიტორინგის, კორუფციის გამოვლენის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესოსობების, გამოხატვის თავისუფლების, კულტურული და ლგბტქი უფლებების გაუმჯობესების მიზნით.
მერი ლოლერი წერს, რომ საგანგაშოა საქართველოს მთავრობის მცდელობა,
დაასუსტოს უფლებადაცვითი ინსტიტუტები და მოახდინოს მათი საქმიანობის დელეგიტიმაცია. ის აღწერს მრავალი უფლებადამცველის დაუცველობას და იმ რისკის შეგრძნებას, რომელიც თან ახლავს უფლებადაცვით საქმიანობას. სწორედ ეს დაუცველობა, მუქარა და ფიზიკური თავდასხმები, უნდა იყოს „განგაშის ზარი ნებისმიერი მთავრობისთვის, რომელიც აცხადებს, რომ ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა მისთვის პრიორიტეტია“. ამასთანავე, პრობლემურია ისეთი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც აზიანებენ უფლებადამცველთა საქმიანობას. სახელმწიფო უფლებადამცველებს საფრთხის წინაშე, ყველანაირი დაცვის მექანიზმის გარეშე მარტო ტოვებს.
სახელმწიფო უნდა აღიარებდეს უფლებადამცველთა საქმიანობის ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა უფლებადამცველთა შეხედულებები კრიტიკულია. როცა ქვეყანაში უფლებადამცველებს თავს ესხმიან და თავს დაუცველად აგრძნობინებენ, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა უნდა დასვან შეკითხვა, თუ როგორ მივიღეთ არსებული სიტუაცია და რა არის ამაში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. როცა სახელმწიფო ამას არ აკეთებს და პირიქით, უარყოფს პრობლემებს, ან კი ხელს უწყობს უფლებადამცველთა მიმართ რეპრესიებს, ეს მიანიშნებს სერიოზული, ძირეული პრობლემების არსებობაზე.
ლგბტქი უფლებადამცველებზე
გაეროს სპეციალური მომხსენებელი განსაკუთრებულ გამოწვევად ხედავს ლგბტქი უფლებებზე მომუშავე უფლებადამცველებისა და ორგანიზაციების დაუცველ მდგომარეობას და ამბობს, რომ ეს მისთვის ერთ-ერთი უმთავრესი წუხილის სფეროა.
მერი ლოლერი აკავშირებს ლგბტქი უფლებადამცველების დაუცველობას სხვა საკითხებზე მომუშავე უფლებადამცველების მოწყვლადობასთან. ორივე შემთხვევაში, სახეზეა სახელმწიფოს მარცხი, რომ დამნაშავეებს პასუხი მოსთხოვოს ლგბტქი უფლებადამცველების მიმართ სერიოზულ თავდასხმებზე. ასევე, ორივე შემთხვევაში, გვხვდება უფლებადამცველთა წინააღმდეგ ექსტრემალურად ნეგატიური ნარატივი, რასაც სახელმწიფო აწარმოებს და ახალისებს. უფლებადამცველთა განსაკუთრებულ მოწყვლადობას განაპირობებს ინტერსექციული რისკები, განსაკუთრებით რისკები, რომლებიც კავშირშია გენდერთან, სექსუალურ ორიენტაციასთან, ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებასთან, შეზღუდულ შესაძლებლობასთან და სოფლად ცხოვრებასთან.
მერი ლოლერი საუბრობს 2021 და 2023 წლების ივლისის მოვლენებზე, როცა ლგბტქი უფლებადამცველების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს თავს დაესხნენ ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფები, რომელთაც ორივე შემთხვევაში მიმართეს ექსტრემალურ ძალადობას. სპეციალური მომხსენებელი იხსენებს 2021 წლის 5 ივლისს ათეულობით ჟურნალისტზე და თბილისი პრაიდისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისებზე თავდასხმებს. იგი ახსენებს ლექსო ლაშქარავას, ტვ პირველის ოპერატორს, რომელზეც მოხდა მოძალადე ჯგუფების მხრიდან თავდასხმა და რომელიც დღეების შემდეგ გარდაიცვალა. ასევე აღწერს 2023 წლის 8 ივლისს, როცა ფესტივალის ლოკაცია ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს, ტერიტორია გაძარცვეს და ინსტალაციები და აპარატურა გაანადგურეს.
მომხსენებელი წერს, რომ ორივე შემთხვევაში, შეტევებს საჯაროდ გეგმავდნენ და მხარს უჭერდნენ მნიშვნელოვანი ულტრა-მემარჯვენე ფიგურები და მართლმადიდებლური ეკლესიის წევრები, რომლებიც საკუთარ განზრახვებს საჯაროდ და ონლაინ აფიქსირებდნენ.
სპეციალური მომხსენებლის შეფასებით, უკიდურესად შემაშფოთებელია მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ლგტბქი ადამიანების შესახებ გაკეთებული განცხადებები. მაგალითად, ორივე ღონისძიების წინა დღეებში, პრემიერ მინისტრის განცხადებები ღიად აძლევდა ლეგიტიმაციას ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიულ ჯგუფებს.
ორივე შემთხვევაში, 2021 და 2023 წელს, საქმე გვაქვს „ტოტალურ დაუსჯელობის სინდრომთან“ – ძალადობის ორგანიზატორები და წამქეზებლები დღემდე არ დასჯილან. მერი ლოლერი აღნიშნავს, რომ 2021 წლის დამნაშავეები პასუხისგებაში რომ ყოფილიყვნენ მიცემული, მაშინ 2023 წლის თავდასხმების პრევენცია შესაძლებელი გახდებოდა. სპეციალურმა მომხსენებელმა გაიხსენა 2012 და 2013 წლების თავდასხმები ლგბტქი აქტივისტებზე, რომელთა საპასუხოდაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაასკვნა, რომ სახელმწიფომ ვერ შეძლო დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფა. ლოლერის შეფასებით, დაუსჯელობის სინდრომის განგრძობითობა პოლიტიკური ნების არარსებობის დემონსტრაციაა, რაც სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ადამიანის უფლებათა პასუხისმგებლობების დარღვაა.
რელევანტური რეკომენდაციები
ის რეკომენდაციები, რასაც მერი ლოლერი გასცემს უფლებადამცველთა საქმიანობის ხელშეწყობისთვის, რელევანტურია ლგბტქი უფლებადამცველებისთვისაც. მაგალითად, სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისთვის არის, რომ შეწყდეს საჯარო განცხადებებით უფლებადამცველებისა და მათი საქმიანობის სტიგმატიზაცია, ისევე როგორც დამაზიანებელ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობა, განსაკუთრებით კი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანა. ასევე, მომხსენებლის რეკომენდაციაა, რომ ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში პრიორიტეტად გამოცხადდეს უფლებადამცველების საქმიანობის, განსაკუთრებით კი ქალების, ლგბტქი, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების თემებზე მომუშავე უფლებადამცველების დაცვა და გაძლიერება.
გარდა საქართველოს მთავრობისა, გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციები მიემართება რამდენიმე სხვა სახელმწიფო უწყებას. სახალხო დამცველის ოფისის მიმართ მერი ლოლერის რეკომენდაციაა, რომ სახალხო დამცველმა ნათლად დააფიქსიროს ლგბტქი უფლებადამცველთა საქმიანობის მნიშვნელობა და ვალიდურობა. პროკურატორის მიმართ რეკომენდაცია კი 2021 და 2023 წლების ივლისში ლგბტქი უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დარბევის ფაქტების გამოძიება და ძალადობის ორგანიზატორებისა და წამქეზებლების სათანადო დასჯას მოიცავს.
დასკვნა
გაეროს სპეციალური მომხსენებელი აღნიშნავს, რომ საქართველო გზაჯვარედინზე დგას. უფლებადამცველების მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება და მოპყრობა იქნება ინდიკატორი, თუ საით მიდის ქვეყანა. საბოლოოდ, მიუხედავად მრავალი წუხილისა, მერი ლოლერი ხედავს იმედს, განსაკუთრებით ახალ თაობაში, და ამბობს, რომ ახალი თაობის ინტერესები ემთხვევა უფლებადამცველთა ინტერესებს.
გაეროს სპეციალური მომხსენებელი გააგრძელებს სიტუაციის შესწავლას და საბოლოო სახით სრულ ანგარიშს 2025 წლის დასაწყისში წარუდგენს ადამიანის უფლებათა საბჭოს. ლოლერი ამბობს, რომ საჭიროა მყისიერი ქმედებები, რომ უფლებადამცველებისთვის თანდათან დამძიმებული სიტუაცია შეიცვალოს და პირიქით, სახელმწიფომ ხელი შეუწყოს იმ ადამიანებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა სადარაჯოზე დგანან.