თავისუფლება ლაზარეს

ლაზარე გრიგორიადისი დღეს არის სახე იმ ახალგაზრდებისა, რომელთა სხეულებზეც გადის თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, ამ ქვეყნის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა. ლაზარე არის სახე იმ ახალგაზრდებისა, რომელთა მიმართაც სიძულვილსა და დევნაზეც დგას რუსული ოცნება. ის სახეა ახალგაზრდებისა, რომელთაც ავიწროებს, ბედნიერების შანსს ართმევს და ამ ქვეყანაში ცხოვრების სურვილს უქრობს მმართველი სისტემა და რომელთა მხარდაჭერაც არ იქცა პოლიტიკური ელიტის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხად.
 
არასტანდარტული, არანორმატიული ვიზუალური თვითგამოხატვა ხშირად საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ადამიანი ჰომოფობიის მსხვერპლი გახდეს ოჯახში, სკოლაში, ქუჩაში და რაც ყველაზე საგანგაშოა, პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან. ლაზარე სწორედ ამის გამო აღმოჩნდა უთანასწორო, უსამართლო ბრძოლაში, სრულიად მარტო, მჩაგვრელი სისტემის პირისპირ! ლაზარეს დაკავების პირველივე დღიდან ამოქმედდა სახელმწიფო მანქანა ოცნების ლიდერების მეთაურობით და ლაზარე იქნა შერჩეული ხელსაყრელ მსხვერპლად მარტის აქციების მონაწილეებზე შურისძიებისთვის. 25 სექტემბერს სასამართლოს მიერ მიღებულმა აბსურდულმა გადაწყვეტილებამ, სადაც ლაზარეს 2 წლის წინანდელ სავარაუდო ქმედებასთან დაკავშირებით ედავებიან, კიდევ უფრო მეტად ცხადყო ხელისუფლების უსუსურობა მარტის მოვლენებთან მიმართებაში.
 
ლაზარეს მიმართ არა მხოლოდ სოლიდარობა, არამედ მადლიერებაც გვმართებს, რადგან მან, მართალი ადამიანისადმი დამახასიათებელი შინაგანი სინათლითა და სიმშვიდით გააშიშვლა სისტემა და შექმნა პრეცედენტი, რომელიც ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას მხოლოდ ორ არჩევანს გვიტოვებს – უსამართლობასთან შეუგუებლობისა და გადასარჩენად ბრძოლის ან დანებებისა და თავისუფლებასა და ღირსეულ ცხოვრებაზე უარის თქმის. დღეს, ლაზარე გრიგორიადისის საქმე არის ჩვენი, როგორც საზოგადოების ბრძოლის ველი, სადაც თითოეული ჩვენგანის მომავალი წყდება.
 

Comments are closed.