
2022 წელს “თბილისი პრაიდს” პირველად ჰყავდა რეგიონული წარმომადგენლები. აქტიური მუშაობა რეგიონებში სამეგრელოდან და კახეთიდან დავიწყეთ, თუმცა მომავალ წელს სხვა რეგიონებში გასვლასაც ვგეგმავთ.
“თბილისი პრაიდის” წარმომადგენლების დახმარებით, ჩვენი მუშაობა რეგიონებში ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. Შევხვდით კახეთში მომუშავე მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს “თბილისი პრაიდის” გეგმებზე სასაუბროდ; ასევე ვესაუბრეთ კახელ ახალგაზრდებს თანასწორობასა და დეზინფორმაციაზე; თბილისი პრაიდის კვირეულზე წარმატებული პრემიერის შემდეგ, ქართული ქვიარ ფილმის “სველი ქვიშა” ჩვენება თელავშიც მოვაწყვეთ; გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კამპანიის ფარგლებში კი საგარეჯოში ვაჩვენეთ ფილმი “ხმა ამოიღეთ”; Შევხვდით არაჩვეულებრივ პანკისელ ქალებს; გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან და მათთან თანამშრომლობას აქტიურად ვაპირებთ; ჩვენს ფესტივალს სტუმრობდნენ ახალგაზრდები როგორც კახეთიდან, ისე სამეგრელოდან და სხვა რეგიონებიდან.
ჩვენი წარმომადგენელი სამეგრელოში ცაბუნია ვართაგავა აქტიურად იყო ჩართული რეგიონში მიმდინარე სამოქალაქო პროცესებში, 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, მან მონაწილეობა მიიღო “დემოკრატიული ჩართულობის ქსელების” ზუგდიდი ოფისის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში და 17 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა, იყო “შინ ევროპისკენ” აქციის თანაორგანიზატორი და ერთ-ერთი სპიკერი, ასევე ჰქონდა საინტერესო მოხსენება “ფორუმზე ადამიანის უფლებებისთვის”, რომელზეც დასავლეთ საქართველოში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოიყარეს თავი, დეკემბერში იყო მომხსენებელი ფორუმზე “ერთად ძალადობის წინააღმდეგ”.
გარდა ამისა, მონაწილეობდა საერთაშორისო დონის შეხვედრებში “თბილისი პრაიდის” სახელით.
2023 წლიდან რეგიონებში მუშაობის კიდევ უფრო გაფართოებას და გაძლიერებას ვგეგმავთ.