
1. ერთობით, სიმრავლით, აქტიურობით
ვაცნობიერებთ, რომ საერთო ბედი გვაქვს და მხოლოდ ერთობით გავალთ სამშვიდობოს.
ვესაუბრებით ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს და ვაშენებთ/ვამთელებთ ხიდებს, სადაც შეგვიძლია.
ვავრცელებთ გადამოწმებულ ინფორმაციას, ვაქტიურობთ სოციალურ ქსელში, ვაზიარებთ ჩვენს აზრებს.
2. Პროტესტით
ხმას ვიმაღლებთ ყველგან და ყოველთვის, როცა ვხედავთ რეჟიმის უსამართლობას! ყოველი პროტესტი მნიშვნელოვანია, რაოდენობას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, ყოველი პროტესტი ღლის და ფიტავს რუსულ რეჟიმს.
3. თვითზრუნვითა და კოლექტიური ზრუნვით
მეტად ვზრუნავთ ერთმანეთზე, ვიდრე ოდესმე. მეტად ვიყვარებთ ერთმანეთს. მეტად ვფიქრობთ ერთმანეთის კეთილდღეობაზე. მეტად ვუმაგრებთ ერთმანეთს ზურგს.
4. ხმის მიცემით და ხმების დაცვით
26 ოქტომბერს მივდივართ არჩევნებზე, ვაფიქსირებთ ჩვენს ევრო-ატლანტიკურ არჩევანს და ვითხოვთ სამართლიანი, თავისუფალი და თანასწორი სახელმწიფოს შენებას.
ყველას ვარწმუნებთ, რომ წავიდეს არჩევნებზე, თუნდაც არ ჰყავდეს პოლიტიკურ სპექტრზე თავისი ფავორიტი. ყველას ვუხსნით, რომ მთავარია კოალიციური მთავრობის შექმნა, სადაც არავის ექნება ერთპიროვნული მმართველობის შესაძლებლობა.
ყველანი ვიცავთ ჩვენს ხმას და ვართ ისევე მობილიზებული, როგორც რუსული კანონის პროტესტისას.
5. იმედით, მომავლის რწმენით და გააზრებული ბრძოლით
როცა გვეშინია და სასოწარკვეთა გვიპყრობს, ვახსენებთ საკუთარ თავს, რომ ჩვენ მხარესაა სიმართლე, სიმრავლე და ერთობა! ვაცნობიერებთ, რომ შიშის დათესვა ავტორიტარული რეჟიმების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების ნაცადი მეთოდია.
ვიაზრებთ, რომ საქართველოს ამ მომენტში საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს. ახდენილია სულხან-საბა ორბელიანის ოცნება და ჩვენი იზოლაცია ძალიან რთული იქნება, რადგან დღეს თბილისია ევროპის დედაქალაქი!
ვპოულობთ ღირებულებას იმაში, რომ საინტერესო დროში ვცხოვრობთ. გაგვიმართლა, რომ გვერგო დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელსაც ჩვენი ბრძოლითა და შრომით საბოლოოდ გავათავისუფლებთ!
წილი ნაყარია.
ბრძოლა გრძელდება.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!
სტატია მომზადებულია გიორგი ახალკაცის მიერ