ოჯახი – ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი სისტემა ქვიარებისთვის: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი შვილები?

ოჯახის მხარდაჭერა და მიმღებლობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის კეთილდღეობისთვის, მათ შორის ლგბტქ+ ადამიანებისთვისაც. ის, თუ ვინ იგულისხმება სიტყვა ,,ოჯახის” უკან, დამოკიდებულია პირად, კულტურულ და სხვა ფაქტორებზე და შესაძლოა იმ ადამიანებსაც მოიცავდეს, რომლებიც ბიოლოგიურად ან კანონის მიხედვით ჩვენი ოჯახის წევრები არ არიან.

ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ოჯახის მხარდაჭერას ქვიარ ადამიანებისთვის და როგორ შეგვიძლია შევქმნათ მხარდამჭერი და უსაფრთხო გარემო ჩვენი ოჯახის ქვიარ წევრებისთვის. გარდა ამისა, თბილისი პრაიდის პროექტის ,,ამაყი ოჯახების” მონაწილე დედების მოსაზრებებსა და გამოცდილებებსაც გაგიზიარებთ ლგბტქ+ შვილებთან მიმართებით.

,,ქამინგ აუთი” და მშობლების გავრცელებული რეაქციები

როცა შვილი ქამინგ აუთს (საკუთარი სექსუალური ორიენტაციის და/ან გენდერული იდენტობის შესახებ სხვასთან საუბარი) აკეთებს, მშობლის რეაქცია შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს. ყველაზე უკიდურესი, თუმცა გავრცელებული რეაქცია უარყოფაა, რასაც, ზოგჯერ, სახლიდან გაგდებაც მოჰყვება-ხოლმე. რეაქციათა სპექტრის მეორე ბოლოში მშობლის მიერ სიყვარულის, მხარდაჭერისა და ქამინგ აუთით განცდილი შვების თანაზიარობაა. თუმცა მშობელს ხშირად სჭირდება დრო, რომ შეეჩვიოს სიახლეს. მშობელთა უმეტესობის თავდაპირველი რეაქცია უარყოფითია, თუმცა, სწორი და მეტი ინფორმაციის მიღების შემდეგ, დროთა განმავლობაში, უფრო მიმღები და მხარდამჭერი ხდება.

როგორც მშობელს, შესაძლოა კითხვები და ერთმანეთის საპირისპირო განცდები გაგიჩნდეთ. თქვენი რწმენისა და კულტურული ფონის მიხედვით, ასევე შეიძლება გაგიჭირდეთ თქვენი შვილის ცხოვრების ამ კომპონენტის გაგება. ბევრი მშობელი უსვამს საკუთარ თავს კითხვას:

  • რამე არასწორად გავაკეთე?
  • შვილიშვილები მეყოლება?
  • როგორ მოეპყრობა ხალხი ჩემს შვილს?
  • როგორ ვუთხრა ხალხს?
  • როგორ შეიძლება ჩემი შვილი ასეთი დარწმუნებული იყოს ამაში? იქნებ ეს მხოლოდ ფაზაა?

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს კითხვები სიყვარულითაც კი შეიძლება იყოს დასმული, მაგრამ თქვენს შვილთან მათ გაჟღერებას შესაძლოა უარყოფითი ეფექტი ჰქონდეს. მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალები თანხმდებიან, რომ თუ გლოვას გრძნობთ, მნიშვნელოვანია, გამოიგლოვოთ თქვენს წარმოსახვაში არსებული წინასწარგანწყობები და ის მომავალი, რომელიც თქვენი შვილისთვის წარმოგედგინათ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენს შვილს შეუძლია ჰქონდეს ჯანსაღი მომავალი, და თუ ენდომება, ოჯახიც ჰყავდეს. ეს ყველაფერი კი ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება მისთვის, თუ თქვენი მხარდაჭერა ექნება. ნუ დააძალებთ თქვენს თავს პროცესის დაჩქარებას – იმის მიხვედრას, თუ რა სჭირდება თქვენს შვილს, დროს მოითხოვს. 

ოჯახის რეაქციის გავლენა ლგბტქ+ ადამიანებზე

FAP (Family Acceptance Projectოჯახის მიმღებლობის პროექტი)-ს კვლევამ გამოკვეთა, რომ ოჯახსა და მზრუნველებს  გადამწყვეტი გავლენა აქვთ ლგბტქ+ ადამიანების კეთილდღეობაზე. 

პროექტის მკვლევრებმა შეისწავლეს ოჯახები, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს თავიანთ ლგბტქ+ შვილებს. ისინი ოჯახის სხვა წევრებისგანაც მოითხოვენ, რომ პატივი სცენ მათ ქვიარ შვილს და გვერდით უდგანან, როცა ცუდად ექცევიან ან ავიწროებენ მათი იდენტობის გამო.

FAP-ს მკვლევრემბმა აღმოაჩინეს, რომ მიმღებლობის მაღალი ხარისხის მქონე ოჯახები სხვადასხვა ეთნიკურ და კლასობრივ ჯგუფს წარმოადგენენ, მათ შორის ისეთი ოჯახებიც არიან, რომლებსაც არანაირი ფორმალური განათლება არ აქვთ. მკვლევრებმა დააიდენტიფიცირეს და გაზომეს 50-ზე მეტი ქცევა, რომლითაც მშობლები თავიანთ ქვიარ შვილებს მხარს უჭერდნენ. ამან გამოკვეთა ისიც, რომ ოჯახებს ლგბტქ+ წევრის მხარდაჭერა მაშინაც შეუძლიათ, როცა ეს მათთვის არაკომფორტულია ან როცა ფიქრობენ, რომ იყო გეი ან ტრანსგენდერი, არასწორია. მეტიც, დროთა განმავლობაში მშობელთა უმეტესობანაკლებად უარმყოფელები და მეტად მხარდამჭერები ხდებიან თავიანთი ქვიარ შვილების მიმართ. 

განათლება, სწორი ინფორმაცია და სხვა მშობლებისგან მხარდაჭერის მიღება ეხმარება ოჯახებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებასა და როგორ შვილის, ისე საკუთარი თავის მხარდაჭერაში. 

ოჯახისგან მხარდაჭერილ ლგბტქ+ ადამიანებს უფრო მეტად სჯერათ, რომ კარგი ცხოვრება ექნებათ და ბედნიერი, პროდუქტიული ადამიანები იქნებიან. ოჯახებში, სადაც მხარდაჭერა არ არსებობს, მხოლოდ 3-დან 1 ქვიარ ადამიანს სჯერა იგივესი. 

კვლევამ ისიც აჩვენა, რომ მშობლების დამოკიდებულებაში სულ მცირე ცვლილებასაც კი შეუძლია შეამციროს ქვიარ ადამიანების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები. შესაბამისად, ნაკლებად უარმყოფელ და მეტად მხარდამჭერ დამოკიდებულებას შეუძლია შეამციროს თქვენი შვილის რისკი სუიციდის ან აივ ინფექციისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მიმართ.

ამავე კვლევაში გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებში, ვინც ოჯახისგან უარყოფა გამოსცადეს:

  • 8-ჯერ უფრო ხშირია თვიმკვლელობის მცდელობა;
  • დაახლოებით 6-ჯერ უფრო ხშირია მწვავე დეპრესია;
  • 3-ზე მეტჯერ უფრო დიდია ალბათობა, რომ მოიხმარონ ნარკოტიკები ან ჰქონდეთ დაუცველი სექსი.

როგორ დავუჭიროთ მხარი ჩვენი ოჯახის ქვიარ წევრებს?

ოჯახთა უმრავლესობისთვის მიმღებლობა გზაა, რომელიც ,,ან ყველაფერი, ან – არაფერი” პრინციპით არ მუშაობს. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ოქროს შუალედი თქვენი შვილის საჭიროებებსა და საკუთარ კომფორტს შორის. ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილის ლგბტქ+ იდენტობის მიღებას ვერასდროს შეძლებს, რაც სიმართლე არ არის. სურვილისა და სიყვარულის შემთხვევაში, ეს შესაძლებელია.

ამაში სხვა ქვიარ ადამიანების მშობლებთან დაკავშირება, ლგბტქ+ უფლებადამცველ ორგანიზაციებთან მჭიდრო კავშირი და ზოგადად, უსაფრთხო სივრცის არსებობა და ამ სივრცეში გულწრფელი საუბარი და ემოციების გაზიარება დაგეხმარებათ. მაგალითად, ,,თბილისი პრაიდის” პროექტი ,,ამაყი ოჯახები, სწორედ ამას ემსახურება. აქ შეხვდებით სხვა ქვიარ ადამიანების ოჯახის წევრებს და მათთან გამოცდილების გაზიარებით, სხვადასხვა პროფესიონალის ჩართულობითა და მხარდაჭერით უფრო მეტად გაძლიერდებით.

გახსოვდეთ, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენი პირველი რეაქცია, თქვენი შვილის ქამინგ აუთზე დადებითი არ იყო, ამის გამოსწორება არასდროსაა გვიან.

თქვენი მხარდაჭერისა და მიმღებლობის გამოხატვა სხვადასხვაც გზებით შეგიძლიათ, მაგალითად: 

  • ხშირად გაუმეორეთ თქვენს შვილს, რომ შეუძლია, ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, როგორც ლგბტქ+ ადამიანს და თქვენ ამაში ბოლომდე დაეხმარებით;
  • შეეცადეთ, გენდერსა და სექსუალობაზე მასთან დადებით კონტექსტში ისაუბროთ;
  • გულთბილად მიიღეთ თქვენი შვილის ლგბტქ+ მეგობრები და მიეცით მასაც საშუალება, ინტეგრირდეს ქვიარ ადამიანებთან;
  • შეძლებისდაგვარად ეცადეთ, იმუშავოთ იმაზე, რომ ოჯახის სხვა წევრებმაც პატივი სცენ თქვენი შვილის სექსუალურ ორიენტაციას და/ან გენდერულ იდენტობას;
  • ეცადეთ, არ გააკრიტიკოთ მისი ჩაცმულობის, თმის სტილის ან თვითგამოხატვის სხვა ფორმების გამო;
  • გვერდით დაუდექით თქვენს შვილს, თუკი სხვა ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვასა და გაძლიერებას ცდილობს;
  • აჩვენეთ უპირობო სიყვარული და ხშირად გაუმეორეთ, რომ გიყვართ;
  • სთხოვეთ, მოგიყვეთ მის გამოცდილებებზე და, თავად მას ჰკითხეთ, როგორ შეგიძლიათ დახმარება;
  • მოუსმინეთ შეწყვეტინებისა და კამათის გარეშე;
  • მასთან ერთად გაიგეთ მეტი ლგბტქ+ საკითხების შესახებ;
  • გვერდით დაუდექით და დაიცავით, როცა ოჯახის სხვა წევრები ან სხვა ადამიანები უსამართლოდ ექცევიან, მასზე ძალადობენ ან შეურაცხყოფას აყენებენ.

საპირისპიროდ ამისა, გვინდა იმ ქცევების მაგალითებიც შემოგთავაზოთ, რომელთა თავიდან არიდებაც სასიცოცხლოდ აუცილებელია:

  • თქვენი შვილისთვის ლგბტქ+ ადამიანებთან და/ან რესურსებთან წვდომის შეზღუდვა;
  • ახალგაზრდებისავე დადანაშაულება იმაში, რომ თავიანთი იდენტობის გამო იჩაგრებიან;
  • ახალგაზრდების იძულება, რომ უფრო ,,მასკულინურები” ან ,,ფემინურები” იყვნენ;
  • ახალგაზრდების იძულება, რომ საკუთარი იდენტობა დამალონ;
  • ცემა და/ან დარტყმა;
  • დარცხვენა და/ან დამამცირებელი სახელების დაძახება მათი იდენტობის გამო;
  • ოჯახური შეკრებებიდან მათი გარიყვა;
  • ჩუმად ყოფნა და არაფრის კეთება, როცა შეურაცხყოფას აყენებენ, მასზე ძალადობენ ან დასცინიან;
  • დადანაშაულება ან დასჯა თავიანთი იდენტობის გამო;
  • მათი დასჯა ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტის, საცხოვრისის წართმევის ან საბაზისო საჭიროებებზე უარის თქმის გზით.

სტატიის დასასრულს, გვინდა ,,ამაყი ოჯახების” მონაწილე მშობლების მოსაზრებები და დამოკიდებულებები გაგიზიაროთ, რადგან ვფიქრობთ, რომ ყველა ინფორმაციასა და ცოდნაზე მეტად სწორედ მათმა მოსმენამ შეიძლება გაგაძლიეროთ და მოგცეთ მხნეობა, რომ ყველა გამოწვევის მიუხედავად, თქვენი შვილის მხარდაჭერა შეძლოთ:

  • Მე ჩემი შვილის მხარეს ვარ! 
  • Მე კი არ გადავაკეთე ის, მან გადამაკეთა მე.
  • Ჩვენ არ უნდა გვძულდეს და გვეშინოდეს ჩვენი შვილების. Მათ გვერდით და მათთვის უნდა ვიყოთ.
  • Ჩემს შვილს თუ ვინმე რამეს დაუშავებს კლდესავით გადავეფარები! 
  • Ძალიან მინდა შვილების თაობამ დრომოჭმულ სტერეოტიპებთან გამკლავება შეძლოს.
  • დედების ერთადერთი სწორი პოზიცია საზოგადოების არასწორი დამოკიდებულებისგან შვილების დაცვა იქნება. 
  • Მინდა ჩემს შვილს ჰქონდეს განცდა, რომ მისი სახლი ვარ, სადაც მუდამ ელიან. Მინდა ჩემი შვილი მოვიდეს სახლში, სადაც ყოველთვის უპირობოდ ეყვარებათ. 
  • Საზოგადოებას არ აქვს უფლება საკუთარი შვილის სიყვარული აგიკრძალოს, როგორიც არ უნდა იყოს ეს შვილი.
  • Ჩემი შვილი ყველანაირი მიყვარს. 
  • იმაზე უფრო ვინერვიულე მოწევა რომ დაიწყო, ვიდრე იმაზე, რომ გოგო უყვარს. 
  • Ნუ ვერჩით შვილებს და სხვა ადამიანებს იმის გამო, რაც არ ვიცით.
  • Ბედნიერია ის დედა, ვინც შვილის გვერდით დგას და ამ დროს შვილიც ბედნიერია.
  • Საკუთარ ორიენტაციას არავინ ირჩევს და ეს არც მშობლების “ბრალი” არ არის.
  • დედას ის შვილი გაენდობა, რომელიც დარწმუნებულია, რომ დედაც მასავით ფიქრობს, ან არ აქვს მკაცრი წინააღმდეგობა, მაგრამ რამდენი შვილია ისეთი, ვინც ვერასდროს ეტყვის ოჯახს საკუთარი ორიენტაციის შესახებ, წარმოდგენაც არ მინდა, რა მდგომარეობაში არიან ის შვილები. 
  • ადამიანებს, რომლებიც მწვავე და ჰომოფობიური პოზიციით გამოირჩევიან, ვეტყოდი, იქნებ მათ ოჯახში აღმოჩნდეს ლგბტქ+ ადამიანი და რატომ უჭრიან უახლოეს ადამიანებს, სისხლით ნათესავებს მათკენ სავალ გზას?!
  • დედებს საოცარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული – დავიცვათ შვილები, აღვზარდოთ, ვიზრუნოთ და გვიყარდეს უპირობოდ. 
  • Მინდა ჩემს მშობელს ისეთი ვუყვარდე, როგორიც ვარ. Ასეთია უპირობო სიყვარული ჩემთვის. Მინდა ჩემთან ერთად იბრძოლოს, ჩემ გვერდით იყოს, როცა მიხარია, როცა მიჭირს. 
  • როცა საზოგადოება ჩამქოლავს ჩემი იდენტობის გამო, მინდა მშობელმა ფეხზე წამომაყენოს და მითხრას, ნუ გეშინია, მეც აქ ვარ.
  • Მე ჩემი შვილი ისეთი მივიღე, როგორიც არის.
  • არ შეიძლება სცემო ადამიანი და ასე სცადო მისი “გამოსწორება.”

 

წყარო: Youth.gov | NCCC.georgetown.edu | Milnepublishing.geneseo.edu | Optionb.org

 

👉 წაიკითხეთ ასევე: გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია: გზამკვლევი ოჯახებისთვის

 

Comments are closed.