რჩევები მშობლებს: როგორ დავეხმაროთ შვილს ქამინგ აუთში?

როდესაც მშობლებისა და ლგბტქ+ ადამიანების ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ძირითადად აქცენტს ქამინგ აუთსა და მის შემდეგ არსებულ რეალობაზე ვაკეთებთ ხოლმე. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ შვილებთან ურთიერთობებზე მანამ, სანამ ისინი თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის შესახებ შეძლებენ ჩვენთან საუბარს. 

იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენთან ქამინგ აუთი შეძლონ, უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ეს უსაფრთხოა და ჩვენგან პასუხად უპირობო მხარდაჭერასა და სიყვარულს მიიღებენ.

შეიძლება ზუსტად არ ვიცოდეთ რა ხდება ჩვენი შვილის თავს, მაგრამ მშობლები თითქმის ყოველთვის ვგრძნობთ და ვამჩნევთ, რომ რაღაც რიგზე არ არის და ჩვენს შვილს რაღაც აწუხებს. თუ გაქვთ ეჭვი, რომ თქვენი შვილი შეიძლება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი ან არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე იყოს, ამ სტატიაში გაგიზიარებთ რჩევებს, საკითხის ირგვლივ სწორ და ჯანსაღ კომუნიკაციასა და შვილებისთვის უსაფრთხო და სიყვარულზე დაფუძნებული სივრცის შექმნასთან დაკავშირებით. 

რა ასაკში ვიცით?

ცოდნა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ – როგორც ჰეტეროქსუალობის, ისე ჰომოსექსუალობის ან ბისექსუალობის შემთხვევაში – ხშირად ბავშვებს საკმაოდ პატარა ასაკიდან აქვთ. ლგბტქ+ ადამიანები ხშირად იხსენებენ, რომ თავისივე გენდერის ადამიანის მიმართ რომანტიკული მიმართებები ბავშვობაშივე ჰქონდათ, ისევე, როგორც ჰეტეროსექსუალ ადამიანებს საპირისპირო გენდერის თანატოლებზე. 

მოზარდობის ასაკიდან ბევრმა ლგბტქ+ ადამიანმა უკვე იცის მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, საუბრობს თუ არა ამაზე ხმამაღლა. ხოლო ისინი, ვინც ეს თავიდანვე არ იცოდნენ, ხშირად ამბობენ, რომ ყოველთვის გრძნობდნენ თავიანთ განსხვავებულობას თანატოლებისგან და ზუსტად ვერ ხსნიდნენ, რატომ.

გვიანი თინეიჯერობისას ან ადრეულ 20-იან წლებში, ბევრი ახალგაზრდა შესაძლოა ჯერ კიდევ საკუთარი სექსუალობის გამორკვევის პროცესში იყოს. ამ დროს მიღებული სქესობრივი გამოცდილებები არ ნიშნავს, რომ ადამიანი აუცილებლად გეი ან ჰეტეროსექსუალია. ბევრი ახალგაზრისთვის ეს გამოცდილებები საკუთარი სექსუალობის აღმოჩენის პროცესის ნაწილია და მიუხედავად არსებული სტერეოტიპებისა, ფემინურობა და მასკულინურობა არაფერს ამბობს ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შესაძლოა ზემოთ აღწერილისგან განსხვავდებოდეს ბისექსუალი ადამიანების გამოცდილებები საკუთარი სექსუალობის შესწავლისა და აღმოჩენის პროცესში. გამომდინარე იქედან, რომ საზოგადოებაში არსებობს სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა – „დაკვეთა“, რომ ყველანი ჰეტეროსექსუალები უნდა ვიყოთ – შესაძლოა ბისექსუალი ადამიანები გვიან გამოერკვიონ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში, რადგან გარემო ამის თავისუფლებას და საჭირო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას არ ქმნის. გამომდინარე იქედან, რომ მათ საპირისპირო გენდერის ადამიანებიც მოსწონთ და ჰეტეროსექსუალობა საზოგადოებისთვის მისაღებია, ბისექსუალმა ადამიანებმა შესაძლოა ზრდასრულ ასაკამდე არ ან ვერ დასვან კითხვები საკუთარი სექსუალობის ირგვლივ.

რას გრძნობენ ლგბტქ+ მოზარდები?

ლგბტქ+ მოზარდები, ისევე როგორც მათი ჰეტეროსექსუალი თანატოლები, შესაძლოა ნერვიულობდნენ სკოლაზე, ნიშნებზე, მომავალზე, მეგობრებზე და/ან ურთიერთობებზე. მაგრამ, გეი, ლესბოსელ ან ბისექსუალ მოზარდებს ხშირად სტრესის დამატებითი მიზეზი აქვთ ხოლმე – მაგალითად, ისინი შესაძლოა ფიქრობდნენ იმაზე, თუ ვისგან დამალონ ან არ დამალონ თავიანთი სექსუალური ორიენტაცია, სად ელით შევიწროებისა და ჩაგვრის საფრთხე, როგორ იქნებიან აღქმულნი ან განსჯილნი სხვებისგან, თუ ისინი მათი სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაიგებენ და ა.შ. 

ისინი ხშირად გარიყულად გრძნობენ თავს, როცა მათ ირგვლივ მყოფი ჰეტეროსექსუალი ადამიანები რომანტიკულ გრძნობებზე, შეყვარებულობაზე ან სქესობრივ გამოცდილებებზე იწყებენ საუბარს. მათთვის ეს შეიძლება აღქმული იყოს ისე, თითქოს მათგან ყველა ჰეტეროსექსუალობას მოელის. შესაძლოა ჩათვალონ, რომ საჭიროა მოიტყუონ, თითქოს იმავეს გრძნობენ, რასაც ჰეტეროსექსუალი ადამიანები, რათა მიღებულები იყვნენ. 

ბევრ ლგბტქ+ მოზარდს აწუხებს კითხვები: მიიღებენ თუ უარყოფენ მათთვის საყვარელი ადამიანები? გაუბრაზდებიან? იმედები გაუცრუვდებათ? წინასწარგანწყობების, დისკრიმინაციის, უარყოფისა და ძალადობის შიშმა ბევრ მოზარდს შესაძლოა აიძულოს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის საიდუმლოდ შენახვა, მათ შორის მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან, რომლებმაც შესაძლოა მხარი დაუჭირონ კიდეც.

როგორ შეიძლება გავიგო ჩემი შვილის სექსუალური ორიენტაციის შესახებ?

ზოგჯერ მშობლები ეჭვობენ, რომ მათი შვილი შეიძლება ჰეტეროსექსუალი არ იყოს. თუმცა, ზოგჯერ თქვენი ფიქრები შესაძლოა რეალობას არ შეესაბამებოდეს და იმ წინასწარი წარმოდგენების პროდუქტი იყოს, რასაც საზოგადოება გვიქმნის (მაგალითად, როგორი უნდა იყოს ჰეტეროსექსუალი კაცი ან ქალი, ან როგორი უნდა იყოს გეი ან ლესბოსელი ადამიანი). ამიტომ, უმჯობესია მოიცადოთ მანამ, სანამ თქვენი შვილი თავად არ იქნება მზად ამ საკითხზე საუბრისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენს შვილს მუდმივად აგრძნობინოთ, რომ გიყვართ და თქვენთან საუბარი უსაფრთხოა. 

როგორ დავეხმარო ჩემს შვილს, რომ თავი კომფორტულად იგრძნოს საკუთარ სექსუალობაზე სასაუბროდ?

1. აგრძნობინეთ, რომ გიყვართ

ბევრი ლგბტქ+ ადამიანისთვის მშობლებთან ქამინგ აუთი საკუთარ სექსუალობაზე ღიად საუბრის ყველაზე საშიში და ამაღელვებელი ნაწილია. არ არის საჭირო ყველაფრის ექსპერტი იყოთ იმისათვის, რომ თქვენს შვილს აგრძნობინოთ, რომ მასზე ზრუნავთ. სიყვარულის გამოხატვის სწორი და არასწორი გზა არ არსებობს. მთავარია, იყოთ მათ გვერდით და იყოთ ღია. მაშინაც კი, როცა არ იცით, რა უნდა თქვათ, ისეთი მარტივი წინადადებით, როგორიცაა „შენ გვერდით ვარ, მიყვარხარ და ყოველთვის მხარს დაგიჭერ.” შეგიძლიათ თქვენს შვილს თავი უსაფრთხოდ და მიღებულად აგრძნობინოთ.

2. წაახალისეთ დიალოგი 

მოზარდების მშობლებისთვის სიახლე არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მათთან ღიად საუბრის ინიცირება მარტივი არ არის და ზოგჯერ დიდი შრომა გვჭირდება, რომ გაიხსნან. მენტალური ჯანმრთელობის პროფესიონალები გვეუბნებიან, რომ ამისთვის საუკეთესო გზა ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება და პატარა ნაბიჯებით დაწყებაა. იყავით დაინტერესებული მათი ცხოვრებით, გაიცანით მათი მეგობრები და გაიგეთ, რის კეთება მოსწონთ. ჰკითხეთ, როგორ ჩაიარა მათმა დღემ, რაიმე საინტერესო ხომ არ ისწავლეს სკოლაში? შესაძლოა მნიშვნელოვანი არაფერი გაგიზიარონ, მაგრამ არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა, რადგან, რეალურად, მოზარდებს ძალიან უნდათ, რომ შეეძლოთ თავიანთ ცხოვრებაზე მშობლებთან საუბარი, უბრალოდ ნდობის ჩამოსაყალიბებლად დრო სჭირდებათ.

3. გაიგეთ მეტი

ზოგჯერ მშობლებს არასწორი წარმოდგენები და ინფორმაცია აქვთ გენდერსა და სექსუალობაზე. გაძლიერდით სწორი, გადამოწმებული და მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაციით და გახსოვდეთ:

  • ეს არ არის „უბრალოდ ფაზა“. – პატივი ეცით და მიიღეთ თქვენი შვილის საკუთარ თავში გამორკვევის პროცესს;
  • „განკურნება“ არ არსებობს. – ეს არ არის რაღაც, რასაც გამოსწორება სჭირდება;
  • ნუ მოძებნით „დამნაშავეს”. – პირიქით, მიიღეთ და იამაყეთ თქვენი შვილით!

👉 მეტი ინფორმაციისთვის: გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია: გზამკვლევი ოჯახებისთვის

4. აქტიურად ჩაერთეთ სასკოლო ცხოვრებაში

მოზარდები თითქმის იმდენივე დროს ატარებენ სკოლაში, რამდენსაც – სახლში. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ისინი სკოლაში უსაფრთხოდ არიან:

  • შეინარჩუნეთ ხშირი კონტაქტი მასწავლებლებთან. – ამ გზით, თქვენ გეცოდინებათ, თუ რაიმე პრობლემა ან გამოწვევა წარმოიქმნება თქვენი შვილის სასკოლო ცხოვრებაში; 
  • იყავით ინიციატორი საბაზისო ინკლუზიური სქესობრივი განათლების. – საქართველოში მოზარდები სკოლაში საბაზისო სქესობრივ განათლებასაც ვერ იღებენ, საუბარი ზედმეტია ლგბტქ+ საკითხების ინტეგრირებაზე; მნიშვნელოვანია, თქვენც იყოთ იმ მშობელთაგანი, ვინც ამ საკითხს ადვოკატირებს და საგანმანათლებლო სისტემისგან ბაზისურ, ინკლუზიურ სქესობრივ განათლებას მოითხოვს; 
  • არასდროს შეწყვიტოთ საუბარი. – მშობლებს აქვთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხმა სასკოლო სისტემაში. თქვენ გაქვთ ძალაუფლება! თუ არსებობს პრობლემა და სკოლა მისი მოგვარებისთვის საჭირო ძალისხმევას არ იჩენს, არასდროს შეწყვიტოთ ამაზე საუბარი და ეცადეთ, თქვენ იყოთ ის ძალა და ხმა, რომელიც თქვენს შვილისთვის უკეთესი საგანმანათლებლო სივრცის შექმნისთვის იბრძოლებს.

5. დააკვირდით ბულინგის შესაძლო ნიშნებს

ბულინგი ის პრობლემაა, რომელსაც ბევრი მოსწავლე, განსაკუთრებით კი ლგბტქ+ მოზარდები აწყდებიან. დააკვირდით:

  • ქცევის ცვლილებებს (მაგალითად, თუ თქვენი კომუნიკაბელური შვილი ბოლო დროს ჩაკეტილი გახდა);
  • დისციპლინის ან ქცევის პრობლემებს სკოლაში;
  • გაუარესებულ აკადემიურ მოსწრებას;
  • აუხსნელ გაცდენებს;
  • უცაბედ ცვლილებას იმაში, თუ ვინ არის მეგობარი და ვინ არა;
  • რისკისშემცველ ქცევებს (მაგალითად: ნარკოტიკების, სიგარეტის და/ან ალკოჰოლის მოხმარება), რომლებიც თქვენი შვილისთვის დამახასიათებელი არ არის.

6. დარწმუნდით, რომ თქვენი შვილი ჯანსაღ ურთიერთობებს აყალიბებს

ბავშვობიდან მოზარდობაში გადასვლისას ნორმალურია, რომ თქვენს შვილს სხვა გოგოებისა და ბიჭების მიმართ რომანტიკული ინტერესი გაუჩნდეს. ეს მისი განვითარების ნორმალური და საჭირო ეტაპია. იმისათვის, რომ მის უსაფრთხოებაზე იზრუნოთ, საჭიროა იყოთ ჩართულები და გქონდეთ ახლო კავშირი თქვენს შვილთან. წაახალისეთ თქვენი შვილის პირად ცხოვრებაში ჯანსაღი, ასაკობრივად მისაღები ურთიერთობები და მიმართებები. ამით თქვენ მნიშვნელოვან მესიჯს გაგზავნით და მას აგრძნობინებთ, რომ პირადი, მათ შორის ლგბტქ+ ურთიერთობები, ნორმალურია და მათში დასამალი და სასირცხვილო არაფერია. 

7. უარი თქვით ყოველგვარი სიძულვილის ენის გამოყენებაზე

„ადამიანის უფლებათა კამპანიის“ 2018 წლის ანგარიში აჩვენებს, რომ 78%-ს იმ ლგბტქ+ ახალგზრდებისა, ვინც საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ოჯახს უმალავს, ერთხელ მაინც მოუსმენია უარყოფითი კომენტარი ლგბტქ+ ადამიანების შესახებ ოჯახის წევრების მხრიდან. 

სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახლი თქვენი შვილისთვის უსაფრთხო და სიყვარულით სავსე სივრცედ იყოს აღქმული. ამისთვის, აუცილებელია არ დაუშვათ ამ სივრცეში არც პირდაპირი და არც ირიბი სიძულვილის ენის გამოყენება.

შვილებთან ახლო, მეგობრული და ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება მარტივი და მოკლევადიანი პროცესი არ არის. ამ გზაზე შესაძლოა შეცდომები დავუშვათ, მაგრამ აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყველაზე მთავარი უპირობო მხარდაჭერა და სიყვარულია. თუ ჩვენი შვილები ჩვენგან ამას იგრძნობენ, ყველა სხვა გამოწვევა გადალახვადი და მოგვარებადია.

წყარო: Kidshealth.org | ncbi.nlm.nih.gov | Hopkinsmedicine.org | Today.com

სტატია მომზადებულია გიორგი ახალკაცის მიერ

Comments are closed.