ინტერვიუ თინი ნოღაიდელთან

თინათინ ნოღაიდელი ქართველი ლესბოსელი ქალი, მომღერალი და მწერალია. ის ამჟამად სტოკჰოლმში ცხოვრობს.

 

თინიმ რამდენიმე თვის წინ სადებიუტო წიგნი, „ულვაშები”, გამოსცა. მასთან სწორედ ამ ტექსტზე, ქვიარობაზე, წერაზე და ლიტერატურაში ქვიარების ხმაზე ვისაუბრეთ.

 

მარტივი კითხვით დავიწყოთ: ვინ არის თინათინ ნოღაიდელი?

  • წიგნში თინი სხვა პერსონაჟია. მაგრამ ამ წუთას თავს ვგრძნობ… არ ვიცი… 

 

ცოტა რთული კითხვა გამოდგა?

  • კი, რთული კითხვაა იმიტომ, რომ ბევრი ვინმე ვარ. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაცაა და დიდი ჯვარიც. მაგალითად, ახლა ძალიან მინდა რომ ახალ ალბომზე ვიმუშაო, მაგრამ, ამავდროულად, ახალ წიგნზეც მინდა მუშაობის დაწყება. თან სრული განაკვეთით ვარ დასაქმებული დიასახლისად. ჰოდა, რაღაც მომენტში უნდა გადავწყვიტო, არჩევანი უნდა გავაკეთო.

მოკლედ, დროისა და შესაძლებლობების მიხედვით, ამ წუთას გახლავართ „ჰაუსქიფერი“, ანუ, დიასახლისი. კარგ ადგილას დავიწყე მუშაობა, ვგიჟდები ჩემს სამსახურზე, სადაც ძალიან ბევრ იდეას ვაგროვებ მეორე წიგნისთვის და ძალიან მაინტერესებს, როგორ მიმიყვანა ამ სამყარომ დიასახლისობამდე!

 

რა მიზეზით ან რა მიზნით დაიწყე წერა?

  • წიგნის დაწერა ყოველთვის მინდოდა. ეს არ იყო ჩემი პირველი მცდელობა, მაგრამ მცდელობები ვერასდროს მივიყვანე ბოლომდე მანამ, სანამ კოვიდი არ დაგვემართა და რაღაც მომენტში უმუშევარიც არ დავრჩი. სრულ განაკვეთზე მუშაობა, ოჯახი, სამი ბავშვი – არც ამის სივრცე იყო და არც დრო. ჰოდა, კოვიდის პერიოდში დავრჩი მარტო და გამომიჩნდა ის, რაც მანამდე არ მქონდა: დრო, ოთახი, სივრცე (მათ შორის ემოციურიც). გაჩნდა ის ოთახი, სადაც მინდოდა, შევსულიყავი. ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა ძალიან მძიმე გარემო, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ახლა ამ კარში შესვლის დროა. 

ჩემს თავს ყოველთვის მთხრობელად მოვიაზრებდი. მგონი ლესბოსელობამდე, მომღერლობამდე და ყველაფრამდე მთხრობელი ვიყავი. სულ ამბებს ვყვები. სცენაზეც ამბავს ვყვები და სახლშიც.

 

ჩემი წიგნი მხატვრული ბიოგრაფიაა – არაფერი რეალურად სიმართლე არ არის და ამ დროს ყველაფერი სიმართლეა. 

ამ წიგნმა მიმიყვანა კითხვებამდე: რატომ მინდოდა გაქცევა? რატომ მინდოდა გამჭვირვალე მოსასხამი? რატომ მინდოდა გაქრობა? ეს წიგნი ჩემთვის, უპირველესად, ამბის მოყოლა იყო, მეორე მხრივ კი, იმის მიხვედრის გზა, თუ რა ხდებოდა ჩემ ირგვლივ, რატომ ხდებოდა და ვინ ვიყავი. 

ძალიან ძვირფასი გამოცდილება იყო ჩემთვის წერისას ვიწრო იდენტობიდან დაწყება და ფართოზე გასვლა: აჭარელი პატარა ბავშვი, რომელიც სულ ხედავს, როგორ ცდილობს ყველა, წაშალოს მუსლიმური წარსული. 

ჩემ ირგვლივ ყველაფერი იდგა ექსკლუზიაზე. რაც უფრო ვიზრდებოდი, მით უფრო იზრდებოდა იდენტობის ექსკლუზიაც. თუ მანამდე კარადაში ყურანი გვქონდა დამალული, მერე მე შევიმალე იმ კარადაში.

მოკლედ, მინდოდა,საკუთარი თავისთვის რაღაცები ამეხსნა და ეს განკურნების გამოცდილებადაც იქცა. მე არ მგონია, რომ წერა ყოველთვის განკურნებაა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ნამდვილად იყო.

 

როგორც ვხვდები, წერა რეფლექსიაში დაგეხმარა. თუმცა ამის გარდა, შენი აზრით, დავიწყებაში უფრო გეხმარება, თუ პირიქით, გახსენებს და გიმძაფრებს?

 

  • მეხსიერება ძალიან კარგი ნაწილია წერის. მაგალითად, შეიძლება წერდე, რათა ასახო რაღაც, რაც იყო. 

მე მართლა მგონია, რომ ლიტერატურა არსებობისთვისაა. თუ წიგნში არ არსებობ, ესე იგი, არ არსებობ. 

სწორედ ამიტომ, შეიძლება წერისას ასახო ის, რაც არ არის, თუმცა ფიქრობ, რომ საჭიროა, იყოს. მაგალითად, ჩემს წიგნში არის ერთი ეპიზოდი, სადაც უფროსი ადამიანი უნდა მდგარიყო სათანადო სიმაღლეზე, უნდა დაეცვა ბავშვი ძალადობისგან. მე გადავწყვიტე, დამეწერა ისე, როგორც მინდოდა, რომ მომხდარიყო და არა ისე, როგორც მოხდა. მაგრამ ბოლო წინადადებაში ვერ მოვითმინე და დავწერე, რომ ეს რეალურად ასე არ მომხდარა.

მოკლედ, ხან მეხსიერებისთვის ვწერდი და ხან იმ მეხსიერებისთვის, რომელსაც ვისურვებდი, რომ მქონოდა და არ მქონდა. 

რაც შეეხება დავიწყებას, როცა წერა დავასრულე, კარი არ დამიხურავს. ამან კიდევ რაღაც სხვა კარი გააღო და ისევ იქ ვდგავარ. თუმცა დისტანცირებაში დამეხმარა, აღარ ვდუღვარ იმ ძალიან გახსნილ ჭრილობებში.

 

რა არის შენი სადებიუტო ტექსტის მთავარი სათქმელი?

  • პირველ რიგში, ის, რაც დასაწყისში ვთქვი: გარიყვა. ამ წიგნში ადამიანები ირიყებიან. ისინი, ვინც არ ჯდებიან რაღაც ნორმის კატეგორიაში. მაგალითად, აჭარლები არ ჯდებიან ქართველობის კატეგორიაში. აჭარული კილო არ ჯდება ქართულის კატეგორიაში და ა.შ. პირველი სათქმელი ესაა: ქვიარი ადამიანის, და ზოგადად განსხვავებული ადამიანის, გარიყვა დღეს არ დაწყებულა, უბრალოდ დღეს ამას ქვიარის სახე აქვს. 100 წლის წინ სხვა სახე ჰქონდა, მაგალითად, აჭარაში – მუსლიმის. ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ბევრი ასეთი შავი ლაქა გვაქვს და, იმედია, რომ ამ პარალელებს დავინახავთ – ვის ვდებთ კარადაში? – პირველ რიგში, საკუთარ თავს. მერე ვინ გვხმარება ამ კარადიდან გამოსვლაში?

გარდა ამისა, ეს იყო ჩემთვის ყველა ქალის, ან ქალად სოციალიზებული ადამიანის, ან არაბინარული ან ტრანსი ქალის სხეულის წინა პლანზე წამოწევა. ჩვენი დამორჩილების და ამ იერარქიის შენარჩუნების მთავარი იარაღი ქალის სხეულია. სწორედ ამიტომ, ძალიან მიზანმიმართულად წამოვწიე ქალის სხეული წინ.

 

როგორია ქვიარ ხმა შენს ტექსტში?

  • ჩემი ქვიარ ხმა პირველ რიგში აჭარული დიალექტია. მე ვარ აჭარელი და ვარ ქვიარი. ქვიარი ვიყავი დაბადებიდან. 

ჩემს ტექსტში ქვიარ ხმა ლოკალურია, ჩვეულებრივი, აჭარული დიალექტით და „გუუხტი ღელეზე“-თი. 

გამომცემლობები, რომლებსაც ვესაუბრე წიგნის გამოცემაზე, მეუბნებოდნენ, რომ აჭარის ხმა არ არის ქართულ ლიტერატურაში. ჰოდა, აჭარის პირველი ხმა იქნება აჭარელი ქვიარის, აჭარელი ლესბოსელის ხმა. 

რომ შევაჯამო, ეს არის ერთი ლოკალური ხმა, რომელიც ყოველთვის არსებობდა, უბრალოდ არასდროს გესმოდა.

გარდა ამისა ქვიარ ხმა ჩემს წიგნში დაუმორჩილებლობის, გაძლიერების ხმაა. კარადიდან გამოსული ქვიარის ხმა.

 

ვიცი, რომ ბევრი რაღაცის გადატანა მოგიწია როგორც ამ ქვეყანაში ასევე ქვეყნის გარეთ. მითხარი, რას უსურვებ შენს თავს და რას უსურვებ შენს ქვეყანას.

  • ჩემს თავს ვუსურვებ, დავბერდე ბუჩ ქვიარ აჭარელ დედაკაცად, ცოლთან ერთად! მქონდეს ჩემი პატარა ბოსტანი, ჩემი ცოლი დარგავს კარტოფილებს და პომიდვრებს, მომიტანს სახლში. მე ვიდიასახლისებ, გავაკეთებ აჯიკას, ტყემალს, მურაბებს. ბავშვებს შევუწვავ სახლის „კარტოშკას“, „ჩავაწობიეფ“ ტყემალში. ეს არის ჩემი ოცნება. მე მინდა რომ ქვიარი დედაკაცი ვიყო!

ჩემს ქვეყანას ვუსურვებ, რომ ბევრი ასეთი ქვიარი დედაკაცი დაბერებულიყოს საქართველოში, სოფელში, მშვიდად, ისე, რომ არ კლავდნენ სახლში. ვუსურვებ, რომ საქართველოში ადამიანს შეეძლოს ადამიანობა.

Comments are closed.