როცა პირადი ლიტერატურულია – მეგი ნელსონის „არგონავტები“

რეცენზიის ავტორი: ნანა აბულაძე

ქვიარობა, დედობა, გენდერი, ტრანზიცია, სათქმელი და მისი გამოხატვა – ეს
მცირე ჩამონათვალია იმ თემების, მეგი ნელსონის „არგონავტებში“ რომ არის
გაშლილი. და გაშლილია სრულიად არაკონვენციურად: ქაოსური თხრობა;
ერთი შეხედვით, ერთმანეთთან შეუკავშირებელი ეპიზოდები და თეორია,
თეორია, თეორია…

თეორიისადმი ზიზღით ან შიშით განწყობილ მკითხველს წიგნი უთუოდ
დააფრთხობს. მეტიც, ის საერთოდ ვერ მიხვდება, რატომაა „არგონავტები“
ლიტერატურა. მთავარი დაბნეულობა კი წინაა: ტექსტში აქა-იქ ისეთი
პოეტური მონაკვეთებია გაბნეული, ნებისმიერ მკითხველს რომ სუნთქვას
შეუკრავს. ფინალში ერთმანეთის პარალელურად აღწერილი მშობიარობისა და
მეორე მთავარი პერსონაჟის, ჰარის, დედის გარდაცვალების ამბები კი წიგნის
ემოციური პიკია. როგორ შეიძლება, ასეთი გულისგამხეთქი პასაჟები მოსაწყენ
თეორიულ წიაღსვლებთან თანაარსებობდეს? და პირადი ამბები? მით უმეტეს,
თუ ამ ამბებში მაინცდამაინც კარგ ადამიანად არ წარმოჩინდები… მეგი
ნელსონი სიგიჟემდე მამაცია. და ასეთივე მკითხველი სჭირდება, რადგან,
სინამდვილეში, სწორედ თხრობისას ყოველგვარი ბალანსის უგულებელყოფა,
რომანთან ან მემუართან დაკავშირებული ყოველგვარი კონვენციის რღვევა
აქცევს „არგონავტებს“ უნიკალურ წიგნად.

თუ მკითხველი ამას მიხვდება, ის თითქოს შეუკავშირებელ ეპიზოდებს შორის
კავშირებსაც აღმოაჩენს. მაგალითად, ერთგან მეგი ნელსონი ჰყვება, როგორ
მოისმინა ლექცია წერის შესახებ. მთავარი, რაც ამ ლექციიდან დარჩა, ის იყო,
რომ წერისას თავისუფალი ადგილი უნდა დატოვო – იმოქმედეთ ისე, რომ
ცენტრი თავისუფალი დატოვოთ. მეგის ეს კონცეფცია მოეწონა. ამან გაახსენა
ბონსაის შექმნის კონცეფციაც: „მცენარეს ქოთნის კიდეში რგავენ, რათა
ღვთიურსაც დაუტოვონ ადგილი“. (გვ. 74) აღარ ხსნის, რა არის ეს „ღვთიური“.
შეიძლება, ვიფიქროთ, მკითხველს გულისხმობსო. მაგრამ არა – ბონსაის ხეს
ადგილს უტოვებენ, რათა ისე გაიზარდოს, როგორც მოესურვება, რაც
პარადოქსულია – ბონსაი დეკორატიული ხელოვნებაა, ჯუჯა ხეს ფორმას შენ
აძლევ. ტექსტიც ასეა – ტექსტისგან უნდა გამოვიდეს ის, რაც თავად ტექსტს
სურს და არა – ის, რაც შენ, ავტორს, გინდა. ეს კი, თავის მხრივ, უკავშირდება
რამდენიმე გვერდის მერე ტრანზიციის შესახებ დაწერილ მონაკვეთებს: მეგი
ნელსონი მსჯელობს, როგორ მოითხოვს საზოგადოება ჩვენგან, რომ ჩვენს
არსებობას საბოლოო მიზანი ჰქონდეს, ნებისმიერ ჩვენ მიერ განვლილ
პროცესს კი – სასრული შედეგი. ტრანზიციასთან დაკავშირებული მოლოდინიც
ესაა – რომელიმე საბოლოო გენდერამდე მიღწევა. არადა, ბევრისთვის
შეიძლება, ტრანზიციის პროცესი თავად იყოს ის საბოლოო, რომელიც სურს:
დაუტოვეთ სხეულს თავისუფალი ადგილი – სხეული ტ ე ქ ს ტ ი ა.

ტრანზიციის შესახებ დაწერილი ეპიზოდები კი ებმის იდენტობისა და
სახელდების თემებს მომდევნო გვერდებზე, რადგან საზოგადოება ორივე
იაზრებს, როგორც სასრულ მოცემულობას და ასევე გვახვევს თავზე.

გამიმართლა, რომ „არგონავტები“ ჯგუფში განვიხილეთ. ამან აღქმის
მრავალფეროვნებაზე დამაფიქრა. ის აბზაცი, რომელშიც მეგი ნელსონი ჰყვება,
როგორ გაუგზავნა ჰარის როლან ბარტის ესე, რომლისგანაც მომდინარეობს
წიგნის სათაური, განხილვისას სნობურ ნაბიჯად შეფასდა. მახსოვს, ჩვენი
ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ძალიან საინტერესო რამ თქვა, მეგი ყველაფრის
ინტელექტუალიზებას ცდილობსო. სიყვარულის განცდაც კი არ შეუძლია,
უბრალოდ, განცდად მიიღოს, აუცილებლად უნდა გაზომ-აწონოს და
თეორიაში მოაქციოსო.

მე კი მახსოვს, მაგ აბზაცის კითხვისას გული დამწყდა, რომ არავისთან მქონია
ასეთი ინტელექტუალური სიახლოვე, ბარტის ტექსტით ამეხსნა სიყვარული.
მაგრამ ამისი დაწერა რეცენზიაში შეიძლება? ზედმეტად პირადი ხომ არაა?
იმედია, ახლა ყოფილთა აჩრდილები არ შემოიჭრებიან ჩემს ცხოვრებაში, მეგი
ნელსონის სტალკერისა არ იყოს.

სტალკერის ეპიზოდი, ალბათ, ყველაზე დამაბნეველია „არგონავტებში“ – ვინაა
ეს კაცი? რა მოხდა ბოლოს? არ ვიცით. არ ვიცით იმიტომ, რომ ეს სტალკერის
ამბავი არაა, საერთოდ, ადევნებასა და თვალთვალზე არაა, წერაზეა და წერის
შიშზე, ისევე, როგორც ირიბად – მთელი „არგონავტები“. სტალკერი ხომ მეგი
ნელსონის წიგნს მოჰყვა, დეიდამისის მკვლელობის შესახებ დაწერილს: „არ
მასვენებდა შეგრძნება, რომ რაღაც გავაფუჭე. მე გამოვიხმე ის კოშმარი და
ისიც გამომეცხადა პორტფელით ხელში.“ (გვ. 177)

სად არის ზღვარი ლიტერატურასა და ცხოვრებას შორის?

ეს შიში – უნდა დამეწერა? – ხომ ცხოვრებიდან მომდინარე შიშია, რაღაცის
გაფუჭება მხოლოდ ცხოვრებაში შეიძლება, ლიტერატურაში – არა. საერთოდ,
არსებობს ეს ზღვარი?

თუ კი, ალბათ, ძალიან მკრთალია, „არგონავტების“ შემთხვევაში მაინც, როცა
პირადი ლიტერატურულია.

Comments are closed.