
მარტივი კითხვით დავიწყოთ. ვინ არის ნიქო გორგილაძე?
– რთული კითხვაა. მოდი, ამას ბოლოს ვუპასუხოთ. (იცინის)
ადრე თქვი, რომ ლექსების გამოცემა არ გქონდა გეგმაში. მითხარი, რა მიზეზით ან რა მიზნით დაიწყე წერა?
ლექსების წერა ბავშვობაში დავიწყე. მიზეზი ბევრი იყო, გამოვარჩევდი იმას, რაც ჩემი წიგნის ყდაზეა და, რაზეც, ალბათ, ყველაზე ხშირად ვწერ, შავი ზღვა. იგია ჩემი და ჩემი მუზების მთავარი თავშესაფარი, ჩემი ამბების მუზეუმი, ნავსაყუდელი, მონატრება, ბავშვობაში კვლავდაბრუნების შესაძლებლობა, უპირველესი მსმენელი… და ეს ყველაფერი, რაღაც ეტაპზე, პოეზიად იქცა. ამ მხრივ, ვემადლიერები ჩემს ძვირფას ბაბუას, რომელიც ყველაზე უტყვი და ამავდროულად ყველაზე მეტყველი კაცი იყო, ვინც ოდესმე შემხვედრია, ისეთივე, როგორიც შავი ზღვა. სანაპიროზე მასთან ერთად ხშირმა სეირნობამ, რომელიც ერთგვარი მდუმარე რიტუალი გახდა, კიდევ უფრო სხვანაირად შემაყვარა და დამაახლოვა შავ ზღვასთან. ჩემ შემთხვევაში, წერას მიზეზები უფრო განაპირობებს, ვიდრე მიზნები. თავად წერის პროცესი – ეს უმაღლესი სიამოვნება – იყო ერთადერთი მიზანი, მიზეზს რა გამოლევს, როცა სიყვარული, მარტოობა, სევდა, სიხარული და სილამაზეა ირგვლივ.
წერა გეხმარება რეფლექსიაში და დავიწყებაში თუ პირიქით გახსენებს და გიმძაფრებს?
რამდენადაც წერის პროცესი ერთგვარი თერაპიაცაა, ცხადია, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მომხდარისა თუ განცდილის რეფლექსიაცაა, დავიწყების მცდელობაც ამდენად, (თუ საერთოდ შეიძლება რამის დავიწყება), თუმცა ეს პროცესი წარმოუდგენელია გახსენებისა და სიმძაფრის გარეშე, რაც ერთდროულად მწარეცაა და საამოც, როგორც ტრადიციული ქობულეთური დესერტი მაჯუნი. (იცინის)🤣
რა უფრო მეტია შენს კრებულში? ემიგრაცია, სიყვარული, მონატრება თუ სხვა რამ?
არ არსებობს ემიგრაცია მონატრების გარეშე, ისევე როგორც მონატრება — სიყვარულის გარეშე, რასაც შეუძლებელია არ მოჰყვეს ბევრი “სხვა რამ”, და ეს ყველაფერი უკვე პოეზიაა.
როგორია ქვიარ ხმა შენს კრებულში?
მე არ ვარ ქვიარ პოეტი, პოეტი ვარ. ჩემთვის პოეზია ყველა იდენტობაზე მაღლა დგას, შემთხვევით არაა, რომ წიგნის ყდაზე ზღვაა – აქ ყველას შეუძლია შესვლა. ჩემი ხმა, ბუნებრივია, ქვიარიც არის, რადგან მე, როგორც ღიად გეი, მათ შორის, ამ პერსპექტივიდანაც ვწერ. თუმცა ჩემი განცდები მხოლოდ იდენტობის ირგვლივ არ იყრის თავს, ისინი ზოგადადამიანური, უნივერსალურია. ხშირად, ქვიარ წიგნებს, ისევე როგორც ფილმებს, მხოლოდ ქვიარ აუდიტორიას, ანუ, როგორც ახლა უყვართ თქმა: ამ კონკრეტულ “სამიზნე ჯგუფს” მიაწერენ, ეს წიგნი კი, ჩემი აზრით, საქართველოში ხმადახშობილ ქვიარ თემს სწორედ მაშინ უფრო წაადგება, თუ მას ჰეტეროებიც წაიკითხავენ. რადგან წლების განმავლობაში ვგრძნობდი და ვგრძნობ, რომ აწ უკვე კანონით აკრძალული და ხმაწართმეული ქართველი ქვიარების ხმა ვარ, მინდა, ეს წიგნი და ეს ხმა მივიდეს ჩაგრულამდეც და მჩაგვრელამდეც… და მაინც, განსაკუთრებით – მჩაგვრელამდე, ვისაც აქვთ პრივილეგია, როგორც ჩაგვრის, ისე ჩაგვრის შეჩერების, ან ვინც გულგრილად უყურებენ ჩაგვრას. ესაა პასუხი შენს პირველ შეკითხვაზეც: მე პოეტი ვარ და ეს აღარაფრის დამატებას აღარ საჭიროებს.
რა აქცევს შენს ტექსტებს ახალ სიტყვად?
მე, ავად თუ კარგად, ჩემი ლექსების წერა უფრო მეხერხება, ვიდრე მათი შეფასება. ეს, ალბათ, მკითხველის და კრიტიკოსების საქმე უფროა. საზოგადოდ კი, თუ ადამიანი თავისი ეპოქის თანადროულია, მისი შემოქმედებაც იმთავითვე ახალია, რადგან თავისი ეპოქისა და თავისი თავის, როგორც ახალი ადამიანის სათქმელს გამოხატავს.
რა გინდა შენმა მკითხველმა იპოვოს შენს ტექსტებში?
მინდა, ის იპოვონ, რასაც ძალიან ელიან. რომ არ ელიან, ისიც. მინდა, იცურონ. და როგორც ზღვაში, აქ შესვლაც, არასდროს ჰგავდეს წინას.
ვიცი, რომ ბევრი რაღაცის გადატანა მოგიწია როგორც ამ ქვეყანაში ასევე ქვეყნის გარეთ. მითხარი, რას უსურვებ შენს თავს და რას უსურვებ შენს ქვეყანას?
მინდა, ჩემს სამშობლოს ვუსურვო, ისეთი იყოს, რომ არც მასთან ახლოს ყოფნით მკლავდეს და არც სიშორით.
და ბოლოს. ვინ არის ნიქო გორგილაძე?
ამ შეკითხვაზე პასუხი დროსთან ერთად იცვლება, თუმცა ერთი რამ უცვლელია: ვარ ის, ვისზეც არასდროს იტყვიან — “ყველასათვის საყვარელი”. და ეს უკვე კარგია.