ჩაგვრის 12 წელი: 2012 წლის 17 მაისიდან დღემდე

დღეს 17 მაისია – ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე!

ახლა, ამ  წყალგამყოფ მომენტში, როდესაც ხელისუფლება ემუქრება ყველას, ვინც ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს, კიდევ უფრო მძიმეა იმ მრავალწლიანი ჩაგვრისა და შეურაცხყოფის გახსენება, რომელიც ქვიარ თემის ყოველდღიურობაა საქართველოში.

ქვიარ თემი ყველაზე ნათელი მაგალითია იმისა, რომ რეპრესიები, შანტაჟი, მუქარა, დაშინება, ჩაგვრა და ძალადობა ხელისუფლების პოლიტიკური ნება ყოველთვის იყო და თუ აქამდე ამ იარაღს ჩაგრული ჯგუფებისკენ მიმართავდნენ, დღეს სამიზნე ბევრად უფრო გაფართოვდა და ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს.

ამის დასტურად, 2012 წლიდან დღემდე ქვიარ თემის წინააღმდეგ მიმართული არაერთი ქმედება მეტყველებს:

2012 წლის 17 მაისი
  • 2012 წლის 17 მაისითბილისში, ფილარმონიასთან დაწყებული მშვიდობიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეტაკებითა და აქციის სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა.
2013 წლის 17 მაისი
  • 2013 წლის 17 მაისი – რუსთაველზე ჩანიშნული აქცია ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და თემის წევრებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. სახელმწიფომ და პოლიციამ სათანადოდ არ იზრუნა ლგბტ აქტივისტების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, არ დაიცვა მათი კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, არ აღკვეთა ძალადობა სასულიერო პირების მხრიდან, შემდეგ კი არ იზრუნა დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯაზე. ეს დღე თემის უამრავი წევრისთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრავმული გამოცდილებაა.
2014 წლის 17 მაისი
  • 2014 წლის 17 მაისი – კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში ტრადიციული ქართული ოჯახის დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღის აღსანიშნავად სამღვდელოებამ და მრევლმა თბილისის ქუჩებში აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.​ ამით კიდევ უფრო მკაცრად აგვეკრძალა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ქვიარ თემს. 
  • 2016 წლის 17 მაისი – ​პოლიციამ თბილისში დააკავა 10 ადამიანი, მათ ადმინისტრაციული შენობების იერსახის დამახინჯებაში ადანაშაულებდნენ. დააკავეს ლგბტქ თემის მხარდამჭერები, რომლებმაც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ცისარტყელის ფერებად შეღებეს რამდენიმე კედელი.​

  • 2018 წლის 17 მაისი –  აქტივისტები 17 მაისის აღნიშვნას არ გეგმავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ის მაინც ჩატარდა. მთავრობის ადმინისტრაციამდე მისასვლელ ყველა გზასთან პოლიცია იყო მობილიზებული, ახლოს მისვლა კი მხოლოდ „ფეისკონტროლით” და სიებით ხდებოდა. თუმცა, ძალადობის ფაქტი მაინც მოხდა – 15 წლის მოზარდმა ნიქო გორგილაძეს დაარტყა, როცა ის სიტყვით გამოსვლას ამთავრებდა. ნიქოს, მრავალი ქვიარ ადამიანის მსგავსად, ემიგრაციაში მოუწია წასვლა.
  • 2019 წლის 17 მაისი და 8 ივლისი – ორივე დღეს ქვიარ თემს მოუწია უარის თქმა შეკრების კონსტიტუციურ უფლებაზე, რადგან სახელმწიფომ უარი თქვა, უზრუნველეყო მათი უსაფრთხოება.
2021 წლის 5 ივლისი
  • 2021 წლის 5 ივლისი – „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში” ვერ შედგა. მარშის გაუქმების გადაწყვეტილება მას შემდეგ მივიღეთ, რაც ქალაქის ცენტრში ძალადობრივმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე იძალადეს, თავს დაესხნენ არასრულწლოვნებს, ჟურნალისტებს, დაამტვრიეს ტექნიკა, დაშალეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები, შეიჭრნენ და დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და „სირცხვილიას” ოფისები. ამ წელს პოლიციამ კიდევ ერთხელ არ უზრუნველყო თემის წევრებისა და მხარდამჭერების უსაფრთხოება, კიდევ ერთხელ გაიმეტა თავისი მოქალაქეები ძალადობისა და სიცოცხლის საფრთხის რისკის წინაშე აღმოჩენისათვის. სახელმწიფოს გულგრილობასა და პოლიტიკურ ჰომოფობიას ემსხვერპლა ოპერატორი ლექსო ლაშქარავაც. 5 ივლისი იყო კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ სახელმწიფოსთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ჩაგრულ ჯგუფებზე ძალადობა და მათი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა
2021 წლის 5 ივლისი
  • 2023 წლის 8 ივლისი – 2022 წელს კიდევ ერთხელ ვთქვით უარი საჯარო სივრცის დაკავებაზე და ჩავატარეთ პრაიდ ფესტი დახურულ, კერძო სივრცეში. ხოლო ერთ წელში, 2023 წელს სახელმწიფომ კიდევ უფრო გააძლიერა თემის ჩაგვრა, არ გააკეთა არაფერი დაგეგმილი პრაიდ ფესტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, მოგვატყუა ორგანიზატორები, რასაც პრაიდ ფესტის ძალადობრივი დარბევა მოჰყვა, რომელიც შსს-სა და ძალადობრივი ჯგუფების ერთობლივი ოპერაცია გახლდათ.
2023 წლის 8 ივლისი
  • 2024 წლის 25 მარტი – ქართულმა ოცნებამ ქვიარ ადამიანების ჩაგვრის, მათი ყველა სივრციდან გაქრობისა და მათზე ძალადობის ოფიციალურად დაკანონება განიზრახა და დააინიცირა სიძულვილით სავსე კონსტიტუციური ცვლილებები.
  • დღეს. – ჯერ კიდევ 2023 წლის შემოდგომაზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პრაიდ კვირეულს ფიზიკურ სივრცეში არ ჩავატარებდით, რადგან ვიცოდით, რომ განსაკუთრებით საარჩევნო წელს, ხელისუფლება კიდევ უფრო გაააქტიურებდა სიძულვილს, როგორც პოლიტიკურ იარაღს, რომლითაც ის დააზარალებდა არამხოლოდ ქვიარ ადამიანებს, არამედ მთლიანად საზოგადოებასაც და უფრო მეტად გაგვიმეტებდა სისტემური ჩაგვრის, ძალადობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოებებისთვის.იმავე მიზეზით, არავითარი აქტივობა არ იგეგმება დღეს, 17 მაისს.

    როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის ქვიარ თემის ჩაგვრა და ამ ჩაგვრით პოლიტიკური ქულების დაწერა არ აღმოჩნდა საკმარისი არჩევნებზე წარმატების მისაღწევად და ძალადობრივი რეჟიმის გავრცელება მთლიანად სამოქალაქო სექტორზე, დამოუკიდებელ მედიასა და ქვეყნის პროევროპულ მოქალაქეებზეც გადაწყვიტა, რუსული კანონის ხელმეორედ შემობრუნებით.

 

გასული 12 წლის განმავლობაში არაერთხელ ვისმენდით არგუმენტს, რომ შსს-ს არ ჰყოფნიდა ძალა, რომ დაეცვა ქვიარ თემის უსაფრთხოება და უფლებები. დღეს კი ვხედავთ რამდენიმე ასეული ე.წ. „სამართალდამცავისგან” შემდგარ კორდონებს ქვეყნის 84 მოღალატის დასაცავად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას არასდროს ჰქონია ნება, დაეცვა ადამიანის უფლებები და ეზრუნა მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. 

დღეს ნათელია, რომ რეჟიმი, რომელიც ჩაგრავს ერთს, დაჩაგრავს ყველას!

სწორედ ამიტომ, ძალა მხოლოდ ერთობაშია და იქ, სადაც ერთი ყველასთვის, ხოლო ყველა ერთისთვის იბრძვის, გავიმარჯვებთ სახელოვნად!

 

სტატია მომზადებულია ვენერო მელუას მიერ

Comments are closed.