

26 ოქტომბერი ინტერსექსი ადამიანების შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეა. საქართველოში ცოდნა და ინფორმაცია ინტერსექსობის შესახებ ან ძალიან ზედაპირულია, ან საერთოდ არ არსებობს. ეს კი ხელს უწყობს ინტერსექსი ადამიანების უხილავობას, მათ მიმართ სტიგმის, არაჯანსაღი დამოკიდებულებებისა და დისკრიმინაციული პრაქტიკების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას.
ამ სტატიის მიზანია, მეტი გავიგოთ იმაზე, თუ რას ნიშნავს, იყო ინტერსექსი ადამიანი, რა ვარიაციები არსებობს და რა იწვევს მათ. ასევე, იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ინტერსექსი ადამიანები აწყდებიან, დისკრიმინაციისა და ისეთი სამედიცინო პრაქტიკების ჩათვლით, რომლებსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვთ, ვიდრე სიკეთე. ამ ცოდნის დახმარებით კი ვცადოთ არაჯანსაღი დამოკიდებულებების შეცვლა.
რას ნიშნავს, იყო ინტერსექსი?
ინტერსექსი ქოლგა ტერმინია ნებისმიერი ისეთი რეპროდუქციული ან სქესობრივი ანატომიის აღსაწერად, რომელიც არ ჯდება ,,მდედრობითისა” და ,,მამრობითის” განმარტებებში.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი ,,ინტერსექსი” აღწერს არა ადამიანის გენდერს (როგორ ხედავს ის საკუთარ თავს, საზოგადოებაში არსებული ,,მდედრობითისა” და ,,მამრობითის” აღქმასთან მიმართებით), არამედ მის სქესობრივ მახასიათებლებს, რომლითაც ის დაიბადა და განსხვავებულია ტიპიური ,,მდედრობითი” და ,,მამრობითი” მახასიათებლებისგან.
ეს შესაძლოა მოიცავდეს:
- გარეგან გენიტალიებს (როგორიცაა ვაგინა და პენისი);
- შინაგან რეპროდუქციულ ორგანოებს (როგორიცაა საკვერცხეები ან საშვილოსნო), ან
- სქესის განმსაზღვრელ ქრომოსომებს (გენეტიკური მასალა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ბიოლოგიურ სქესს).
ინტერსექს შობადობა იმაზე ხშირია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. 2019 წელს, ჟურნალ ,,Endocrine Society”-ში გამოქვეყნებული კვლევა ამბობდა, რომ 1000-დან 1.3 შემთხვევაში ბავშვები შესამჩნევი ინტერსექს მახასიათებლებით იბადებიან. სხვა კვლევები ამბობენ, რომ რეალური ინტერსექს მაჩვენებელი, ადვილად შესამჩნევი თუ შეუმჩნეველი, 2%-თანაა ახლოს.
ეს სტატისტიკა უფრო ცხადად რომ წარმოიდგინოთ, ინტერსექსი ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც წითური ადამიანების.
ინტერსექსობის ბევრი ფორმა არსებობს. მათი გამომწვევი შესაძლოა იყოს სასქესო ქრომოსომების ვარიაცია ან გენეტიკური ცვლილებები, რომლებსაც გავლენა აქვთ სხეულის რეპროდუქციულ ფუნქციონირებაზე ან ჰორმონებზე რეაგირებაზე. ზოგჯერ ინტერსექს მახასიათებლები დაბადებისთანავე იდენტიფიცირებადია, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა იდენტიფიცირება ცხოვრების გვიან ეტაპზე, ან არასდროს არ ხდება.
ინტერსექსი არც სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის ტიპი და არც სამედიცინო პრობლემაა. ის ბუნებრივად დამდგარი სქესის ვარიაციაა, რომელიც შესაძლოა ერთი შეხედვით არც შესამჩნევი იყოს ან არც იწვევდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რაიმე პრობლემას.
ინტერსექსი ადამიანები ხშირად დისკრიმინაციისა და ზიანის მომტანი პრაქტიკების მსხვერპლნი არიან, რომლებიც მათ სხეულებრივ ავტონომიას ხელყოფს. ეს მოიცავს დაბადებისთანავე ჩატარებულ სქესის მინიჭების ოპერაციას, რომელიც იმთავითვე მოიაზრებს, რომ ინტერსექსი ადამიანები ჯანმრთელები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯანმრთელი სხეული აქვთ.
დროთა განმავლობაში მუდმივად ზრდადი ინტერსექს მოძრაობის მიზანია, შეცვალოს ამ ტიპის დამოკიდებულებები ცნობიერების გაზრდისა და ინტერსექსი ადამიანების უფლებების ადვოკატირების გზით.

ინტერსექს ვარიაციების მიზეზები
ბევრი ინტერსექს შობადობა მშობლებისგან მიღებულ სქესის განმსაზღვრელ ქრომოსომებში არსებული ვარიაციებითაა გამოწვეული. როგორც წესი, დედისგან X ქრომოსომას ვიღებთ, ხოლო მამისგან ან X-ს, ან Y-ს.
ბევრ ინტერსექს ადამიანს აქვს ქრომოსომათა ისეთი კომბინაცია, რომელიც განსხვავდება XY (ასოცირებული მამრობითთან) ან XX (ასოცირებული მდედრობითთან) წყვილისგან. ამ განსხვავებულ კომბინაციებს მივყავართ სხვადასხვა ტიპის ცვლილებებამდე გარეგან გენიტალიებში, შინაგან სასქესო ორგანოებში და სასქესო ჰორმონებში (ტესტოსტერონისა და ესტროგენის ჩათვლით).
მაგრამ ყველა ინტერსექს შობადობა არ არის ქრომოსომული ვარიაციით გამოწვეული. ზოგიერთ შემთხვევაში, ნაყოფის სქესობრივი მახასიათებლები შეიცვლება, თუ ტესტოსტერონის ან ესტროგენის დონეები ზედმეტად მაღალი ან დაბალია. ესეც შესაძლოა გენეტიკის შედეგი იყოს, მაგრამ სხვადასხვა სამედიცინო პრობლემას, ნარკოტიკებს ან ტოქსინებსაც შეუძლიათ იმის განსაზღვრა, თუ რა რაოდენობით გამოიყოფა ან როგორ მუშაობს სხვადასხვა ჰორმონი.
დღესდღეობით ოთხ ინტერსექს კატეგორიას განიხილავენ, რომელთაგანაც თითოეულს რამდენიმე ვარიაცია და სხვადასხვა გამომწვევი მიზეზები აქვს:
46, XX ინტერსექსი
ეს არის ადამიანი, ვისაც XX ქრომოსომა და საკვერცხეები აქვს, თუმცა მისი გარეგანი გენიტალიები მიჩნეულია, როგორც ,,მამრობითი” (აქვს პენისი, ან პენისის მსგავსი გამონაზარდი). ეს ყველაზე ხშირად მაშინ ხდება, როცა მდედრობითი სქესის ნაყოფი დაბადებამდე ჭარბი მამრობითი ჰორმონის ზემოქმედების ქვეშ ექცევა (ამის ალბათობა დგება მაშინ, როცა დედას აქვს ჰიპოფიზის სიმსივნე ან დიდი რაოდენობით ტესტოსტერონი ხვდება მის ორგანიზმში ორსულობის დროს).
46, XY ინტერსექსი
ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს XY ქრომოსომა, მაგრამ გარეგანი გენიტალიები მიჩნეულია, როგორც ,,მდედრობითი” (ვაგინა ან ვაგინის მსგავსი ორგანო). ამის მიზეზი ხშირად ტესტოსტერონის დაბალი დონეა, რომელიც განვლენას ახდენს მამრობითი სასქესო ორგანოების ჩამოყალიბებაზე. ეს შესაძლოა იმ ფერმენტების ნაკლებობამაც გამოიწვიოს, რომლებიც ტესტოსტერონის გამომუშავებას უწყობს ხელს.
ნამდვილი გონადალური ინტერსექსი
ეს არის ადამიანი, ვისაც აქვს საკვერცხეებიც და სათესლე ჯირკვლებიც, ხოლო მისი ქრომოსომული წყვილი არის XX, XY ან ორივე. ნამდვილი გონადალური ინტერსექსობის მიზეზი ხშირ შემთხვევაში დაუდგენელია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მის გამომწვევად გარემოში არსებული ტოქსინებია მიჩნეული.
კომპლექსური ან დაუდგენელი ინტერსექსი
ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს განსხვავებები გარეგან და შინაგან ორგანოებში, მაგრამ შესაძლოა ჰქონდეს ინტერსექს ვარიაცია სქესობრივ განვითარებაში, შეცვლილი ჰორმონალური დონეების გამო. ამ ვარიაციების უმრავლესობა ზედმეტი X ან Y ქრომოსომის ქონის, ან მხოლოდ X ქრომოსომის ქონის შედეგია.
ინტერსექს ვარიაციის ტიპები
მინიმუმ 60 კატეგორია არსებობს ისეთი მდგომარეობებისა, რომელიც ინტერსექსის განმარტებასთან თანხვედრაშია. ამ კატეგორიებში მოიაზრება სქესობრივი მახასიათებლების ბევრი ვარიაცია. მათგან ზოგიერთი შედარებით უფრო გავრცელებულია. მაგალითად, კლაინფელტერის სინდრომი, რომელიც ყოველ 500-1000 მამრობით შობადობაში გვხვდება და თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია, რომელსაც 1000-დან 1 მდედრობით შობადობაში ვხვდებით.
-
კლაინფელტერის სინდრომი (ცნობილი, როგორც XXY სინდრომი) – ვარიაცია, რომელიც გამოწვეულია ზედმეტი X ქრომოსომის არსებობით XY ქრომოსომულ წყვილთან. კვლევები აჩვენებენ, რომ იმ ადამიანთა უმრავლესობამ, ვისაც კლაინფელტერის სინდრომი აქვს, არ იციან თავიანთი ინტერსექს ვარიაციის შესახებ. მათგან მხოლოდ დაახლოებით 25% მიიღებს ოფიციალურ დიაგნოზს, ყველაზე ხშირად 30-40 წლის პერიოდში.
-
ანდროგენისადმი უგრძნობლობის სინდრომი – გენეტიკური მდგომარეობა, რომელშიც სხეულისთვის ნაწილობრივ ან სრულად შეუძლებელია ტესტოსტერონზე ან სხვა მამრობითი ჰორმონებზე (ანდროგენებზე) რეაგირება. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ XY ქრომოსომული წყვილი, თუმცა მათი გარეგანი გენიტალიები ან მდედრობით სქესთან ასოცირდება, ან არც მდედრობითს ჰგავს და არც მამრობითს.
თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია – თირკმელზედა ჯირკვალზე გავლენის მქონე გენეტიკური მდგომარეობა. ამ სინდრომის მქონე ადამიანებს იმ აუცილებელი ფერმენტების ნაკლებობა აქვთ, რომლებიც საჭიროა კონკრეტული ჰორმონების გამომუშავებისთვის. ამან შესაძლოა ზოგიერთი ჰორმონის (მაგალითად სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის) ნაკლები და ანდროგენების, მათ შორის ტესტოსტერონის, ზედმეტი გამომუშავება გამოიწვიოს.

დისკრიმინაციის გავლენა
აუცილებელია, მეტი ყურადღება დავუთმოთ იმ ზიზღსა და ზიანის მომტან პრაქტიკებს, რომლებიც ინტერსექსი ადამიანების მიმართ არსებობს და რომელიც დაბადებისთანავე იწყება, როცა მშობლები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თავად წყვეტენ, რომელი სქესი მიანიჭონ ინტერსექს ახალშობილს – გოგო თუ ბიჭი. ზოგიერთ შემთხვევაში სხვების მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება მთელი ცხოვრების განმავლობაში აუცილებელი ჰორმონალური თერაპიის წინაპირობა ხდება, რათა ადამიანმა შეინარჩუნოს დაბადებისას მინიჭებული სქესი ან თანხვედრაში მოიყვანოს თავის გენდერულ იდენტობასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრაქტიკები ძალიან გავრცელებულია და მეტიც, იყო დრო, როცა ეს ბავშვისთვის ,,სასარგებლო” გადაწყვეტილებად მიიჩნეოდა, ის არასწორია. ასეთი მიდგომები ინტერსექს ადამიანებს სამედიცინო პრობლემად აქცევს და ინტერსექსობას არ განიხილავს, როგორც ბუნებრივ ვარიაციას სრულიად ჯანმრთელ სხეულში.
ინტერსექს ახალშობილებზე სქესის მინიჭების ოპერაცია არაეთიკურია და ბავშვს ართმევს ავტონომიას საკუთარ სხეულსა და იდენტობაზე.
კვლევები აჩვენებს, რომ დისკრიმინაციას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ინტერსექსი ადამიანების მენტალურ ჯანმრთელობაზეც, რომლებიც ალკოჰოლისა და სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების უფრო მაღალი რისკის წინაშე დგანან, ვიდრე დანარჩენი პოპულაცია.
ინტერსექს ვარიაციაზე მეტის ცოდნა და ამ ცოდნით იმ დამოკიდებულებისა და არასწორი მოსაზრების ცვლილება, რომ ინტერსექს სხეული არაბუნებრივია, მნიშვნელოვანია იმ ძალადობის, მიტოვების, უარყოფისა და დისკრიმინაციის შემცირების პროცესში, რომელსაც ინტერსექსი ადამიანები განიცდიან.
წყარო:
| https://www.verywellhealth.com/what-is-intersex-21881 |